რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 11,0 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე კი განაკვეთი 8%-დან 10,5%-მდე გაიზარდა.
როგორც უწყების მიერ გვარცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აპრილში წლიური ინფლაცია, მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებისა, მაღალ დონეზე (12,8 პროცენტი) დარჩა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გავლენა კრედიტებზე - ბოლო მონაცემები>>
ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე მას შემცირების მიმართულება ექნება.
„ინფლაციური რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 22 ივნისს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0