მიხეილ სააკაშვილი პროცესს კვლავ ვერ დაესწრო: როგორ ჩატარდა სასამართლო სხდომა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
დაცვის მხარე ყოფილი პრეზიდენტის საექსპერტო სამედიცინო შემოწმებას ითხოვს
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
თავად სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხდომას არ ესწრებოდა. სწორედ ამ საკითხს ეხებოდა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მოსამართლეს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის დაევალებინა ციხეში ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფის დაშვება სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად.
თავის მხრივ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნული შუამდგომლობის წინააღმდეგი არ არის და ამ გადაწყვეტილებას სრულად სასამართლოს მიანდობს.
როგორც ადვოკატმა შოტა თუთბერიძემ აღნიშნა, ბოლო დროს სააკაშვილის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, პენიტენციური სამსახური კი ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე არ უშვებს ექსპერტებს ყოფილ პრეზიდენტთან ექსპერტიზის ჩასატარებლად.
სხდომას ესწრებოდა ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრი მარიამ ჯიშკარიანი, რომელმაც განაცხადა, რომ პენიტენციური დაწესებულება არღვევს კანონს, როდესაც არ უშვებს ექსპერტებს სააკაშვილთან.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო დამატებით წერილობით მიმართავს პენიტენციურ დაწესებულებას, რის შემდეგაც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. გადაწყვეტილება 16 მაისს გამოცხადდება.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს - ორგანიზმში რთულ ორგანულ ნივთიერებათა დისიმილაცია (დაშლა). ცილების უკმარისობის ფონზე ყოფილ პრეზიდენტს შეუმცირდა კუნთოვანი მასა, აწუხებს სისუსტე. ექიმების თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა - დეპრესია და ანორექსია.

საქმის დეტალები

სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0