დეპუტატი: პარლამენტს არ შეუძლია სააკაშვილის თავდებობის საკითხის გადაწყვეტა

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
ოპოზიციის ინიციატივა პოლიტიკურ წრეებში აქტიური განსჯის თემა გახდა
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავდებობის საკითხი არა ქვეყნის პარლამენტმა, არამედ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ ქვეყნის პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართონ. ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან, სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.
„მსჯავრდებულის თავდებით გათავისუფლების ან მისი გარკვეულ პირობებში სხვაგან გადაყვანის საკითხი - პარლამენტის განხილვის თემა არაა. ეს სასამართლოს საქმეა“, - განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.
რაც შეეხება ციხეში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შეფასების თემას, მდინარაძის თქმით, სააკაშვილს შეუძლია მოუსმინოს ექიმებს და პრობლემაც მოგვარდება.
„თუმცა, ამ შემთხვევაში ეს პიარ-კამპანია მთლიანად ჩაიშლება. ამიტომაც არ აკეთებენ ისინი ამას“, - აღნიშნა დეპუტატმა.
იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს არ აქვს კანონიერი შესაძლებლობა თავდებით გათავისუფლდეს, განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.
„რაც შეეხება თავდებობას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს... რამდენადაც ვიცი, მსჯავრდებულთან მიმართებით თავდებობის იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს“, - განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბოლო სასამართლო პროცესებს არ დასწრებია.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0