ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს მეორე წრიდან გამოეთიშა

© AP Photo / Adam Hungerნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის მეორე წრეში შეხვედრა კანადელ დენის შაპოვალოვთან ორ სეტში დათმო.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მასტერსზე ასპარეზობა მეორე წრეში დაასრულა.
ბასილაშვილი (ATP 25) რომის მასტერსის მეორე ეტაპზე კანადელ დენის შაპოვალოვს (ATP 16) დაუპირისპირდა და შეხვედრა ორ სეტში ანგარიშით 4:6, 6:7 დათმო.
პირველი სეტში 4:4-მდე თანაბარი ბრძოლა იყო, შემდეგ ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება დაძაბულ ბრძოლაში დათმო, კანადელმა სეტზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა და დაწინაურდა.
მეორე სეტი ბრეიკის გარეშე მივიდა 5:5-მდე. შაპოვალოვს ორჯერ ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ნიკამ ეს გეიმიც გადაარჩინა. სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც კანადელი 5:1 დაწინაურდა. ამ დროს ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ სამი ქულა აიღო (4:5), თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
რომის მასტერსის მესამე წრეში შაპოვალოვი რაფაელ ნადალისა და ჯონ ისნერის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება, ბასილაშვილი კი 11 მაისს ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკთან ერთად წყვილთა თანრიგში ჩაერთვება.
რომის მასტერსი 1.000-ქულიანი ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდიც 6.008.725 ევროს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0