ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში შეუერთდება

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ახალგაზრდა ქართველი შემტევი ამჟამად ბათუმის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობს, სადაც მის ანგარიშზე 7 მატჩში 4 გატანილი გოლია.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში შეუერთდება. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Ilmattino ავრცელებს.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას ოფიციალურად დაუდასტურა. 21 წლის ქართველი ნეაპოლელებს ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
იტალიურმა გამოცემამ კვარაცხელიაზე სტატია ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. აღნიშნულ მატჩში პირველი გოლი სწორედ ახალგაზრდა ქართველი ტალანტის ანგარიშზეა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გაიტანა გოლი „დილასთან“ გუნდისთვის მნიშვნელოვან შეხვედრაში, რომელიც „დინამომ“ 3:0 მოიგო. ახლა ბათუმის „დინამო“ ლიგაში ლიდერია და 5 ქულით უსწრებს თბილისის „დინამოს“. თუმცა, ქართველი თავდამსხმელი სრულად ვერ დაეხმარება გუნდს საჩემპიონო ბრძოლაში. საქართველოს ჩემპიონატი 3 დეკემბერს დასრულდება, მაგრამ კვარაცხელიას „ნაპოლიში“ კონტრაქტის გასაფორმებლად და ახალი თავგადასავლებისთვის უკვე ივლისის დასაწყისში ელოდებიან“, – წერს გამოცემა.

მარტის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ რიგები დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. ცოტა ხნის წინ კი დადასტურდა ინფორმაცია მისი „ნაპოლიში“ გადასვლის შესახებ. ქართველმა ფეხბურთელმა ბათუმის „დინამოს“ რიგებში 7 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.
ყველა ახალი ამბავი
0