Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თენგიზ ცერცვაძე: მე ვრჩები თანამდებობაზე

© Facebook / Giorgi Gakhariaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ცერცვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს ის და სხვა მედიკოსები კოვიდ-პაციენტების ცუდ მართვაში დაადანაშაულოს.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე რჩება.
გასულ კვირაში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. მოგვიანებით გავრცელდა ცერცვაძის განცხადებაც, სადაც მან აღიარა, რომ სამსახურიდან წასვლაზე ნამდვილად ფიქრობს ერთი მიზეზის გამო – ძალიან განაწყენებული და შეურაცხყოფილია მის მიმართ წაყენებული ბრალდებებისა და ცილისწამების გამო.

„დიახ, მე ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება საქმისთვის და ქვეყნისთვის ჯობს დავრჩე, არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ინფექციონისტის თქმით, თავიდან იგი ფიქრობდა, რომ მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგ დაირაზმა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი იყო.
„იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ადრე ცერცვაძემ საკუთარი განცხადებაში უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი COVID-19-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში დაადანაშაულეს. ინფექციონისტის თქმით, მთელი პანდემიის პერიოდში მისი შემოსავლები ერთი ლარითაც არ გაზრდილა, მეტიც, ის იმ დანამატსაც არ იღებდა, რომელიც მთავრობამ კოვიდ-პაციენტებთან მუშაობისთვის გამოყო.
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელია. ცენტრი ქვეყნის პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც 2020 წლის თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღო.
ცერცვაძემ კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაიწყო იმუნოლოგიის სფეროში აივ–შიდსთან ბრძოლის სფეროში და შიდსის კვლევის ცენტრი დააარსა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიოში პირველი პროგრამის – С ჰეპატიტის აღმოფხვრის შემუშავებაში, რომელიც 2015 წელს დაიწყო.
პროგრამის წყალობით საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, იმკურნალონ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ (Gilead Sciences) ძვირადღირებული მედიკამენტებით.
ერთ-ერთ ინტერვიუში ცერცვაძემ, რომელიც 70 წლისაა და რომელიც უკვე დიდი ხანია კიბოს ებრძვის, აღიარა, რომ მთელი მისი ცხოვრების მიზანი ასეთ ინფექციებთან ბრძოლა იყო, რათა რისკისთვის სახეში ჩაეხედა. მისი თქმით, ეს მისთვის უზარმაზარი აზარტია მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია.
ყველა ახალი ამბავი
0