„პიჯაკების საქმე“: დაესწრება თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდება.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, არ დაესწრება.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბოლო სასამართლო პროცესებს არ დასწრებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული სააკაშვილის საქმის მორიგი პროცესი, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯებს, დღეს გაიმართება. სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დაცვის მხარე პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებასაც გეგმავს.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0