როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა? დეტალური ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ დაიშვება, ხოლო თანხის გადახდის შემთხვევაში – უფრო ადრეც.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოში 2022 წლის 26 აპრილიდან B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორეტაპიანი გახდა. პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
გამოსაცდელი პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ დაიშვება. ამასთან, მას საშუალება ექნება ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით – გადაიხადოს 160 ლარი და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე ვადაში გავიდეს.

„პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, პირი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. გამოცდაზე დაგვიანებით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქალაქე გამოცდიდან მოიხსნება. ამ შემთხვევაში გამოსაცდელ პირს გადახდილი მომსახურების საფასური კანონით დადგენილი წესით მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50%) დაუბრუნდება.
ამასთან, მძღოლობის კანდიდატს რიგის ხელახალი დაჯავშნა შეუძლია წინა რიგის დაჯავშნიდან 30 დღის შემდეგ, ხოლო მისი გამოცდაზე დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არანაკლებ 90 კალენდარული დღისა.
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება, თუ პირი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს.
ცვლილებამდე ავტომობილის მართვის მოწმობის მიღების მსურველები ჯერ თეორიულ გამოცდას აბარებდნენ, ხოლო შემდეგ პრაქტიკულ გამოცდას საქართველოს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო მოედნებზე გადიოდნენ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში დაუჭირა მხარი. ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0