პირველი ტიტული - „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია

© courtesy of Black Lion„შავი ლომი“ ვარჯიშის დროს
„შავი ლომი“ ვარჯიშის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
ქართულმა ფრენჩაიზმა ფინალურ დაპირისპირებაში 3-ქულიანი სხვაობით მასპინძელი „ლუზიტანუში“ დაამარცხა.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. რაგბის პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია. ქართულმა კლუბმა ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიური „ლუზიტანუში“ დაამარცხა.
ფინალური მატჩი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ესტადიო ნასიონალზე გაიმართა. „შავი ლომი“ მატჩის მე-11 წუთზე დაწინაურდა, პირველი ლელო ლუკა ივანიშვილმა დადო, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა. პორტუგალიელებმა სხვაობა მალე 2 ქულამდე შეამცირეს, და მცირე დროში კი ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით წინ გავიდნენ (8:7).
პორტუგალიელებმა მეორე ტაიმის საწყის წუთებზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 11:7. შეხვედრის 53-ე წუთზე „შავი ლომი" ისევ წინ გავიდა, თენგიზ პერანიძემ ლელო დადო, რასაც გიორგი ბაბუნაშვილის კიდევ ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა (11:14).
შეხვედრის მე-60 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილის გატანილი ჯარიმის შედეგად ქართველების უპირატესობა 6 ქულამდე გაიზარდა. პორტუგალიელებმა მალევე შეძლეს სხვაობის ისევ 3 ქულამდე შემცირება, რის შემდეგაც გუნდებმა ქულა ვეღარ აიღეს და „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა (17:14).
„შავი ლომისთვის“ ეს ისტორიაში პირველი ტიტულია. ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის მიერ დაარსებული ახალი ტურნირის პირველი ჩემპიონები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0