პაპუაშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზები დაასახელა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ მას არ შეუძლია საპატიმროს შეგუება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილი ბოლო სასამართლო პროცესებს არ დასწრებია.
„მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია ციხის გარემოსთან შეგუება, აქედან გამომდინარეა მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სააკაშვილი უარს აცხადებს რიგ სამედიცინო მომსახურებაზე, მაგალითად, ფსიქოლოგის მომსახურებაზე, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, მას პირველ რიგში სჭირდება. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაზე.
„სწორედ ამიტომაც ახლა საჭიროა, რომ სააკაშვილი მხარდამჭერები დაკავებული იყვნენ მისი დარწმუნებით იმაში, რომ მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია შეთავაზებული მედიკამენტების მიღება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.
უწყება მოუწოდებს „პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს“ თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0