იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იგი ოცდაოთხსაათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და საკვებს ვერ იღებს, განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
თავად ყოფილი პრეზიდენტი, ადვოკატები, მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო სასამართლო სხდომებს არ დაესწრო.
„თქვენ ახლა მტკიცებით ფორმაში აჟღერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ტყუილი, ის გადაადგილდება დამოუკიდებლად“, - ასეთი პასუხი გასცა ბრეგაძემ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმულ კითხვაზე.
მინისტრმა დამსწრეთ მოუწოდა, არ გაევრცელებინათ დეზინფორმაცია და არ დაეძაბათ პატიმრის ოჯახის წევრები. მსგავს ქმედებებს ბრეგაძემ „მავნებლობა“ უწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება.
„ჩვენს პირდაპირ ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად და თუ ვინმე ზრუნავს მასზე, ბუნებრივია, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ. ყოველდღიურად ვინტერესდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და ყოველთვის მაქვს კომუნიკაცია ექიმებთან. არავის რაიმე სახის განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუხატავს“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
მინისტრმა დასძინა, რომ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების გარეთაც, მაგრამ საქართველოში.
„როცა დასჭირდა მას, გადაყვანილი იყო ჯერ გლდანის მე-18 დაწესებულებაში, შემდგომში გორში, ასევე, რესპუბლიკურშიც იყო გაყვანილი გამოკვლევებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. თუ იქნება საჭიროება და თუ ეს დადასტურდება ობიექტური მონაცემების საფუძველზე, ბუნებრივია, მას ჩაუტარდება ყველა სახის მკურნალობა, რასაც ის საჭიროებს“, - განაცხადა მინისტრმა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0