„გაცუდებული“ პარლამენტარიზმი საქართველოში, ანუ ინგლისისთვის დათმობილი პირველობა

© Pixabay / 131355ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე
ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
პარლამენტარიზმის აკვანი პირველად საქართველოში დაირწა – ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტიის“ შექმნამდე დაახლოებით 31 წლით ადრე.
მოგეხსენებათ, პარლამენტარიზმის სამშობლოდ ინგლისია მიჩნეული. 1216 წლის ნოემბერში ინგლისის მეფე ჯონ პირველმა (უმიწაწყლომ) ხელი მოაწერა „თავისუფლების დიდ ქარტიას“ (Magna Carta Libertatum) და საფუძველი დაუდო ინგლისის პარლამენტს.
არადა, პარლამენტარიზმის აკვანი პირველად საქართველოში დაირწა. „თავისუფლების დიდი ქარტიის“ შექმნამდე დაახლოებით 31 წლით ადრე საქართველოშიც იყო მცდელობა, რომ ქვეყანა აბსოლუტური მონარქიიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასულიყო. მაგრამ, ინგლისელებისგან განსხვავებით, „ქართულმა ბურჟუაზიამ“ მეფისთვის თითქმის ყველა უფლების წართმევა მოიწადინა, რაც დიდი შეცდომა იყო და რამაც დააჩქარა კიდეც ამბოხებულთა მარცხი.
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ 1184 წელს ტახტზე ასულ თამარ მეფეს დიდმა ერისთავებმა ულტიმატუმი წაუყენეს და არადიდგვაროვანი ვეზირების — ამისპარსალარი ყუბასარისა და მსახურთუხუცესი აფრიდონის გადაყენება მოსთხოვეს. თამარი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია უკმაყოფილო დიდგვაროვნებისთვის და თანამდებობიდან გადაეყენებინა „უგვარო“, მაგრამ უერთგულესი ვეზირები.
ამით ერისთავებმა მარტო ყუბასარსა და აფრიდონზე კი არ მიიტანეს იერიში, არამედ სამეფო ხელისუფლებაზეც — მეფე შეიზღუდა ვეზირების დანიშვნისა და ქვეყნის მართვის საქმეში და იძულებული გახდა დიდგვაროვნებთან ერთად ემართა ქვეყანა.
ზღვარი დაედო უმაღლესი სახელისუფლებო ეშელონებისკენ სხვა „უგვაროთა“ წინსვლასაც. ანუ, თუ კაცს გვარიშვილობა ხელს არ უწყობდა, თუნდაც მეფის ერთგული და უმდიდრესი ადამიანი ყოფილიყო, სამეფო კარზე თანამდებობას ვერ მიიღებდა. სამეფო კარზე ერთგვარი ჯადოსნური წრე შეიკრა, რომელში შეღწევაც პირადი თუ სხვა ღირსებების წყალობითაც კი უკვე შეუძლებელი ხდებოდა.
სწორედ ეს გახდა მიზეზი თამარის მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანის „დასის“ სამეფო ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა. სწორედ დიდგვაროვან ფეოდალთა მოთხოვნებთან უშუალო კავშირში იყო სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მომხდარი აჯანყება, რომელსაც მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა მინისტრი) ყუთლუ-არსლანი ხელმძღვანელობდა.
ყუთლუ-არსლანი და მის თანამოაზრეთა ჯგუფი „სიმდიდრით აღზევებული უგვარო ერის“ წარმომადგენლები იყვნენ. შემთხვევითი არ არის, რომ ეს მოვლენა, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, საშუალო ფენის ამბოხად არის ცნობილი.
აჯანყება საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. ყუთლუ-არსლანს მხარს უჭერდნენ:
ვაჭრები;
ხელოსნები და მცირე საწარმოთა მფლობელები;
სასტუმროთა (ფუნდუკების) მეპატრონები;
თავისუფალი წვრილი მიწათმოქმედნი;
ახლადფეხადგმული ბურჟუაზია, რომელიც „მიწის ზეთის“, ანუ ნავთობისა და კუპრის, ასევე ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მოპოვებითა და ხის დამუშავებით იყო დაკავებული;
დუქნების მეპატრონეები.
ერთი სიტყვით, ყუთლუ-არსლანის უკან ფინანსურად ძლიერი, მაგრამ გავლენის არმქონე, ე.წ. საშუალო ფენა იდგა. ამით გათამამებული მეჭურჭლეთუხუცესი გამოწვევაზე წავიდა და თამარის ხელისუფლების შეზღუდვის ინიციატივითაც გამოვიდა.
მართალია, იმ პერიოდში სამეფო კარზე არსებობდა სათათბირო ორგანო „დარბაზი“, მაგრამ ყუთლუ-არსლანმა მის საპირისპიროდ მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს — „კარავის“ დაარსება და, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მისთვის მთელი საკანონმდებლო უფლებების გადაცემა მოისურვა.
საქართველოს მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი უფლებებიღა დარჩებოდა. ანუ, მეფე, „ენებოს თუ არ ენებოს“, ვალდებული ხდებოდა „სრულ ექმნა“, ანუ აღესრულებინა „კარვის“ მიერ მოწონებული გადაწყვეტილებები.
ამ მოთხოვნებს სამეფო კარმა, როგორც მოსალოდნელი იყო, შესაბამისი რეაქციით უპასუხა: ყუთლუ-არსლანი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, ხოლო მისმა „თანაშეფიცულებმა“ ლიდერის გასათავისუფლებლად აჯანყების მოწყობა და სამეფო სასახლეზე იერიშის მიტანა განიზრახეს.
გარდა იმისა, რომ დაპატიმრებულ მეჭურჭლეთუხუცესს მხარს მოსახლეობის ფართო ფენები, ანუ ის შეძლებული ადამიანები უჭერდნენ, რომლებსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი ოდენობის მეომრის დაქირავების საშუალება გააჩნდათ, მემატიანენი გაკვრით, მაგრამ მაინც მიანიშნებდნენ, რომ არმიაც არა მეფის, არამედ „მოსაკარგავის“ (ჯამაგირის) უშუალო გადამხდელის — მეჭურჭლეთუხუცესის მხარეს დადგა.
ქვეყანა აშკარა სამოქალაქო ომის ზღვარზე აღმოჩნდა. დიდბუნებოვანმა და უფლის მოშიშმა მეფემ, რომელსაც თანამემამულეთა სისხლის დაღვრა არ ეწადა, აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად ორი საპატიო „დიოფალი“ — ქართლის ერისთავთ-ერისთავ რატი სურამელის დედა ხუაშაქ ცოქალი და დიდგვაროვანი ფეოდალების, ძმებ სამძივარ-ჯაყელების დედა კრავაი გაგზავნა.
ორ დიდებულ ქალბატონს ურთულესი საქმის გადაწყვეტა დაევალა. ძალაუფლების ნებით დამთმობი არც მეფე იყო, არც გავლენიანი არისტოკრატია და, რაღა თქმა უნდა, უკან დახევას არც „დასელები“ აპირებდნენ. პირიქით, ისინი მზადაც იყვნენ, თუ საჭირო გახდებოდა, იარაღის ძალით განეხორციელებიათ რეფორმები. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ან ერთი მხარე კარგავდა ყველაფერს, ან – მეორე...
ხუაშაქ ცოქალისა და კრავაი ჯაყელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეუძლებელი შეძლეს და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის კომპრომისს მიაღწიეს — უდავოდ შუამავალთა დიპლომატიისა და დიდი ავტორიტეტის წყალობით.
განდგომილებთან მოლაპარაკება დადებითი შედეგით დასრულდა: გარდა იმისა, რომ განდგომილებმა „აღიღეს ფიცი პატრონისაგან“, ანუ მეფისაგან შეწყალების პირობა მიიღეს (მათ შორის, ყუთლუ-არსლანმაც), თამარი კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა: „დარბაზს“ უფლებები გაუზარდა. ანუ ამიერიდან მეფე (და მის უკან მდგარი გაბატონებული სამხედრო არისტოკრატია) მხოლოდ დარბაზის ერის „ერთნებობითა და თანადგომითა“ მიიღებდა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
თავის მხრივ, ოპოზიციამაც ხელი აიღო შეიარაღებულ გამოსვლაზე, სამეფო ხელისუფლებისადმი ლოიალობა გამოაცხადა და ამით ქვეყანა ძმათა შორის სისხლისმღვრელ ომს გადაურჩა.
არადა, არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ სწორედ მაშინ, თამარის ეპოქაშივე დასრულებულიყო საქართველოს ოქროს ხანა.
არავინ უწყის, გვექნებოდა თუ არა ,,ვეფხისტყაოსანი“ იმ შემთხვევაში, ყუთლუ-არსლანი ამ ბრძოლაში რომ დამარცხებულიყო. ხომ შესაძლებელია, რომ, ბევრი ქართველი ისტორიკოსის აზრით, თამარის მეჭურჭლეთუხუცესი შოთა რუსთაველი სწორედ ყუთლუ-არსლანი ყოფილიყო?..
ყველა ახალი ამბავი
0