რა შემთხვევაშია შესაძლებელი სააკაშვილის უცხოეთში გაყვანა - ექსპერტის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
მაია ნიკოლეიშვილმა დაასახელა ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სასამართლომ მსჯავრდებულის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანისთვის შეიძლება გაითვალისწინოს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სასამართლოს არ შეუძლია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

„მათ არ დაუნიშნავთ და არ ჩაუტარებიათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. კანონი პირდაპირ ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში საკითხის განხილვა არ მოხდება“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

მისი თქმით, ექსპერტიზის ჩატარება შეუძლია როგორც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ისე დამოუკიდებელ ექსპერტებს. არჩევანი მათზეა, აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მომზადდება დასკვნა და ადვოკატმა ამ დასკვნით უნდა მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების თაობაზე, განმარტა ექსპერტმა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი დასკვნა არ არსებობს. რამდენი დასკვნაც არ უნდა მოამზადოს კონსილიუმმა და პროცესში სხვადასხვა ექიმებიც რომ ჩაერთონ, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, აუცილებელია სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლო ექსპერტიზის საფუძველზე მიიღოს. შემდეგ სასამართლო განიხილავს საკითხს და ან დააკმაყოფილებს, ან უარს განაცხადებს“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის ეხება საკითხი: პრეზიდენტობა ან ექს-პრეზიდენტობა ინდულგენცია არ არის და კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
ექსპერტის განმარტებით, მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შეუძლებელია კონკრეტული დაავადების მკურნალობა.
„არსებობს ასეთი დოკუმენტი – მძიმე დაავადებების ჩამონათვალი. ის, რა დიაგნოზიც სააკაშვილს დაუსვეს, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მძიმე დაავადებების ჩამონათვალში არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა. თუმცა, თუ არის შესაძლებლობა ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მძიმე დაავადებების შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და საპატიმროდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური იღებს, აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

„კომისია პენიტენციურ სამსახურსაც აქვს. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ სიაში შესული მძიმე დაავადებები დასკვნაში არ არის. ანუ ერთადერთი გზა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაა. და, როგორც წესია, მათ ეს გზა უნდა გაიარონ, თუ ეს უბრალოდ ემოციებზე თამაში არ არის“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
სააკაშვილის ოჯახმა უკვე დაიწყო მისი გათავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები და, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციასაც გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0