მოსაზრება: რა იღონა აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ინფლაციის მოსათოკად

© AFP 2024 / PAUL ELLIS
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
ირინა ბადმაევა
აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი 0,7-1,0 პროცენტამდე ასწიეს. ასეთი ფასები ამერიკელებს 1980-იანი წლების შემდეგ არ ახსოვთ. განსაკუთრებით გაძვირდა ბენზინი და ელექტრობა. შეძლებს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება ინფლაციის მოთოკვას?
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ზედიზედ მეორედ გაზარდა განაკვეთი. ერთბაშად 50 საბაზისო პუნქტით – პირველად 2000 წლის მაისის შემდეგ.
როგორც წესი, აშშ-ის მარეგულირებელი ძალიან ფრთხილია, რის გამოც უწყებას ხშირად აკრიტიკებენ. მაგრამ დაჩქარებულმა ინფლაციამ ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა. მარტში – 8,5 პროცენტი, იუწყება აშშ-ის შრომის სამინისტრო. თებერვალში – 7,9. ყველაზე მეტად ბენზინი გაძვირდა. შესაბამისად, გაიზარდა ტრანსპორტის ხარჯი.
გაძვირდა ამერიკელების საყვარელი „ფასტფუდი“. მას არც ელექტროენერგია და იჯარა ჩამორჩება. ყველაფერი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის ბრალია, ცდილობს თავის მართლებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. „ინფლაციის სამოცდაათი პროცენტი პუტინის მიერ ბენზინის ფასის გაზრდის გამოა“, – ირწმუნება იგი.
სინამდვილეში აშშ-ში საქონელი გასული წლის შემდეგ ძვირდება, აღნიშნავს The Wall Street Journal. ეს არის „გაბერილი ფედერალური ხარჯისა და რბილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის“ შედეგი. 2021-ში ფედერალურ სარეზერვო სისტემაში ამტკიცებდნენ, რომ რეკორდული ინფლაცია ხანმოკლე იყო. სინამდვილეში კი ხელიდან გაუშვეს მომენტი, როდესაც საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება. „ადრევე უნდა გვემოქმედა“, – აღიარა უწყების ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა.
ფინანსური ხელისუფლების მოდუნებამ უმუშევრობის ზრდა გამოიწვია. აპრილში – ექვს პროცენტზე მეტი. ამასთან პირველ კვარტალში მშპ შემცირდა თითქმის წლიური 1,5 პროცენტით, ვაჭრობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით. „ეს არის იმპორტის ზრდისა და მარაგის ნელი შევსების შედეგი – სავაჭრო ბალანსის დეფიციტი გაიზარდა. ნეგატიურად აისახა პანდემიის გამო ჩინეთში დაწესებული შეზღუდვები“, – განმარტავს BitRiver-ის ფინანსური ანალიტიკოსი ვლადისლავ ანტონოვი.
ასეთ პირობებში მოუწიათ საკვანძო განაკვეთის მკვეთრად აწევა.
თანაც ეს მოსალოდნელი იყო და ბაზრის მხრიდან პოზიტიური რეაქცია მოჰყვა. ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად ამერიკული საფონდო ინდექსები დადებითია. მაგალითად, S&P-მ თითქმის სამი პროცენტი მოიმატა.
დოლარის კურსი, პირიქით, შემცირდა 0,65 პროცენტით როგორც ევროს, ისე იაპონური იენის მიმართ.
„მარეგულირებელი განაგრძობს მარტში დაწყებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას. ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ უახლოეს სხდომებზე განიხილავენ მორიგ ზრდას ერთბაშად 50 საბაზისო პუნქტით, ალბათ, ორ-სამ პროცენტამდე. შემდეგ შეისვენებენ, რათა შეაფასონ გავლენა ინფლაციაზე, მოხმარებაზე“, – ამბობს მიხეილ კოგანი, ფინანსური ანალიტიკოსი.
ზოგიერთი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს 75 პუნქტით ზრდასაც. ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველ ეშელონებში ამის მხურვალე მხარდამჭერია სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი ჯეიმს ბულარდი. ის გამოდის წლის ბოლოსთვის განაკვეთის 3-3,25 პროცენტამდე გაზრდის მოწოდებით.
თუმცა ამან შესაძლოა არ იმუშაოს, ამბობს ფიოდორ სიდოროვი, „პრაქტიკული ინვესტირების სკოლის“ დამფუძნებელი. აშშ-ის ეკონომიკაში კრიზისი მწიფდება. ძვირდება ენერგომატარებლები, აგროსამრეწველო კომპლექსის პროდუქცია. ამ დრომდე არ არის აღდგენილი პანდემიის დროს დარღვეული ლოგისტიკური და სამრეწველო ჯაჭვი. „ინფლაციის მოსათოკად საჭიროა ექვს-შვიდპროცენტიანი განაკვეთი. მაგრამ ამერიკელები თავს ამის უფლებას ვერ მისცემენ. მეტისმეტად დიდია სახელმწიფო ვალი: უკვე 30,4 ტრილიონი დოლარი. მთავრობას სულ უფრო გაუჭირდება უცხოელი კრედიტორებისთვის პროცენტების გადახდა“, – უთითებს ექსპერტი.
ამიტომ ფასები ზრდას გააგრძელებს, ფიქრობენ ანალიტიკოსები. აშშ-ის ეკონომიკა „სტაგფლაციაში“ გადაინაცვლებს. ეს ნიშნავს ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას მშპ-ის შემცირების პარალელურად.

ზედმეტი ფულის მოშორება

1 ივნისიდან ფედერალური სარეზერვო სისტემა შეუდგება იპოთეკური და სახაზინო ობლიგაციების გაყიდვას – თვეში 17,5 და 30 მილიარდი დოლარის ოდენობით. იგეგმება შემოდგომაზე 35 და 60 მილიარდამდე ასვლა. ერთ წელიწადში მარეგულირებლის ბალანსი დაახლოებით ტრილიონი დოლარით შემცირდება. ახლა თითქმის 9 ტრილიონია.
ფინანსურ ხელისუფლებას სურს ბაზრიდან „ზედმეტი“ ლიკვიდურობის ამოღება და ამით ფასების ზრდის შეჩერება. 2020 წლის მარტიდან ეკონომიკაში ტრილიონობით დოლარი შეედინებოდა – პანდემიის პერიოდში სამრეწველო აქტივობის წასახალისებლად. თითქმის ნულოვანი განაკვეთით.
„ახლა ფედერალური სარეზერვო სისტემა ცდილობს საფონდო ბაზარზე „ბუშტის“ ჩაფუშვას, რომელმაც რეკორდული ინფლაცია გამოიწვია. საჭიროა ქაღალდების ფრთხილად გაყიდვა, რათა ფონდებმა და სხვა ცენტრალურმა ბანკებმა ობლიგაციების ღირებულება მასობრივად არ ჩამოაგდონ“, – აზუსტებს ვლადისლავ ანტონოვი.
აშშ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება ნიშნავს გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაწყებას, მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
ინვესტორებს არ სჯერათ ეკონომიკის აღდგენის. თავიდან იშორებენ აქციებს, ობლიგაციებს და ა.შ. და სახსრების ნაკლებ სარისკო აქტივებში – ოქროსა და ნაღდ ფულში დაბანდებას ამჯობინებენ. ეს, თავის მხრივ, მთელი მსოფლიოს საფონდო ბაზრებს ურტყამს, განმარტავს ფიოდორ სიდოროვი.
ამერიკელმა მარეგულირებელმა პირველად და ერთადერთხელ გამოიყენა რაოდენობრივი გამკაცრება 2017-2019 წლებში. მაგრამ მაშინ აქტივები ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსიდან იყიდებოდა უფრო ნელა: დაიწყო 10 მილიარდით თვეში და წლის განმავლობაში ავიდა 50-ზე.
მაგალითად, 2018 წლის შემოდგომაზე S&P 500 დაეცა 20 პროცენტით. ბაზარზე პანიკის შეჩერება მოხერხდა - პაუელმა უარი თქვა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნორმალიზაციაზე ამერიკული ინდექსების კაპიტალიზაციის სასარგებლოდ. ამჯერად ეს ხრიკი რეკორდული ინფლაციის გამო ვერ იმუშავებს.
უახლოეს თვეებში ის კიდევ უფრო დაჩქარდება ყველა ქვეყანაში, ვარაუდობენ ექსპერტები. ლიეტუვაში უკვე 15,5 პროცენტზე მეტია, გერმანიაში – 7,3%, მაქსიმუმ 40 წლის განმავლობაში.
მოსახლეობის რეალური შემოსავალი კი შემცირდება. შედეგად – სრულმასშტაბიანი და გაჭიანურებული რეცესია. მსოფლიო ეკონომიკამ ჯერ ვერ მოახერხა აღდგენა კორონაკრიზისის შემდეგ, ხოლო უკრაინაში დაწყებული სპეცოპერაციის გამო დაწესებულმა მკაცრმა ანტირუსულმა სანქციებმა ცეცხლს ნავთი დაასხა. ნავთობისა და გაზის კოტირებები რეკორდულ დონეზეა. ძვირდება წარმოება, ტრანსპორტი, საბოლოო ჯამში – საქონელი მაღაზიების თაროებზე. და ნაკლებ სავარაუდოა, საკვანძო განაკვეთის აწევამ ამ შეკრული წრიდან თავის დაღწევას შეუწყოს ხელი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0