ფოტოკვირეული Kolga Tbilisi Photo 2022 იწყება

© courtesy of KOLGA TBILISI PHOTO
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
საერთაშორისო არენაზე კარგად ცნობილი ახალგაზრდა ფოტოგრაფები თბილისში 21-ე კონკურსზე შეიკრიბებიან.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo 2022 საქართველოს დედაქალაქში 6-10 მაისს ჩატარდება – გამოფენის სტუმრებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ფოტოხელოვანების ნამუშევრები ელოდებათ, იუწყება თბილისის მერია.
Kolga Tbilisi Photo, რომელიც 2001 წლიდან ტარდება, მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ფოტოხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს.
კონკურსის მიზანია არა მარტო გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფების საქართველოსთან დაკავშირება, ასევე ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
კორონავირუსის პანდემიის გამო პაუზის შემდეგ წელს კონკურსი ოფლაინ-ფორმატში გაიმართება. Kolga Tbilisi Photo-ზე 30 ქვეყნიდან 400-მდე ფოტოგრაფი მოიყრის თავს. ღონისძიების გახსნის ცერემონია „არტარეაში“, ყოფილი თბოსადგურის ტერიტორიაზე დღეს, 20:00 საათზე გაიმართება, რომლის მუსიკალური მასპინძელი Pitter J იქნება.
წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:
დოკუმენტური სერია
რეპორტაჟი
კონცეპტუალური ფოტოპროექტი
საუკეთესო კადრი
მობილური ფოტო.
Kolga Tbilisi Photo 2022-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კონკურსის გახსნის პირველივე დღეს, 6 მაისს გაიმართება. პროექტის საპრიზო ფონდია 20 ათასი დოლარი.
Kolga Tbilisi Photo 2022-ს „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.
Kolga Tbilisi Photo 2022-ის დეტალური პროგრამა იხილეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0