თენგიზ ცერცვაძემ შესაძლო გადადგომის მიზეზი დაასახელა

© press-service of the Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
ცნობილი ექიმი ძალიან შეურაცხყოფილია იმ ბრალდებებითა და ცილისწამებით, რომელიც მისი მისამართით ისმის
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად ფიქრობს გადადგომაზე და ასეთი სურვილის რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. ცოტა ხნის წინ კლინიკის პრესსამსახურმა გაავრცელა ცერცვაძის განცხადება, რომელმაც აღიარა, რომ სამსახურიდან წასვლას ნამდვილად ფიქრობს ერთი მიზეზის გამო - ძალიან განაწყენებულია და შეურაცხყოფილია მის მიმართ წაყენებული ბრალდებებისა და ცილისწამების გამო.
„კერძოდ, მაგალითად, ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი „კოვიდის“ მართვისთვის გამოყოფილი ერთი მილიარდი ლარის მითვისებაში“, - აღნიშნა ცერცვაძემ თავის განცხადებაში.
ინფექციონისტის თქმით, მთელი პანდემიის პერიოდში მისი შემოსავლები ერთი ლარითაც არ გაზრდილა, მეტიც, ის იმ დანამატსაც არ იღებდა, რომელიც მთავრობამ კოვიდ-პაციენტებთან მუშაობისთვის გამოყო.
„მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის განმავლობაში არც ერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამოც, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს დაადანაშაულოს ის და სხვა მედიკოსები კოვიდ-პაციენტების ცუდ მართვაში, პაციენტების და საწოლ-ფონდის რაოდენობით მანიპულირებაში, კოვიდ-პაციენტების განზრახ მკვლელობაში, დიდძალი ფულის შოვნაში და ამით ქვეყნის ეკონომიკის დანგრევაში.
სინამდვილეში, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კოვიდ-პაციენტების ნაკადების მართვა საქართველოში იყო და არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე.
მისი თქმით, კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი - ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი საქართველოს უფრო დაბალი აქვს და შესაბამისად, გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მსოფლიოს 111 ქვეყანას.
ხოლო ქვეყნის კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო პროცენტი უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ კლინიკაში, აღნიშნა ექიმმა.
დასასრულს მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის, რომ უსამართლო დამოკიდებულებასა და დაუმსახურებელ ბრალდებებს ცხოვრებაში ვერ ასცდები. მან ისიც აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის მსოფლიოში უპრეცედენტო ელიმინაციის პროგრამაც კი, რომელმაც 80 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, კრიტიკის ობიექტი გახდა.
„ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს. აი, სულ ეს არის“, – ბოლოს აღნიშნა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელია. ცენტრი ქვეყნის პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც 2020 წლის თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღო.
ცერცვაძემ კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაიწყო იმუნოლოგიის სფეროში აივ–შიდსთან ბრძოლის სფეროში და შიდსის კვლევის ცენტრი დააარსა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიოში პირველი პროგრამის – С ჰეპატიტის აღმოფხვრის შემუშავებაში, რომელიც 2015 წელს დაიწყო.
პროგრამის წყალობით საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, იმკურნალონ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ (Gilead Sciences) ძვირადღირებული მედიკამენტებით.
ერთ-ერთ ინტერვიუში ცერცვაძემ, რომელიც 70 წლისაა და რომელიც უკვე დიდი ხანია კიბოს ებრძვის, აღიარა, რომ მთელი მისი ცხოვრების მიზანი ასეთ ინფექციებთან ბრძოლა იყო, რათა რისკისთვის სახეში ჩაეხედა. მისი თქმით, ეს მისთვის უზარმაზარი აზარტია მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია.
ყველა ახალი ამბავი
0