სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა: პროცესი ბრალდებულის გარეშე გაიმართება

© AP Photo / Irakli Gedenidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ ოთხ პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო პროცესი მსჯავრდებულის გარეშე ჩატარდება. პროცესზე ექს-პრეზიდენტის არყოფნის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა დასახელებული.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
აპრილის შუა რიცხვებში, სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას ცუდად მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო 12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა. პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.
სააკაშვილის ოჯახი მისი გათავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით გეგმავს საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციას.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0