როდის დაიწყება საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილება - კობა გვენეტაძის განმარტება

© press-service of National Bank Of Georgia კობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
ინფლაციაზე გავლენა ორმა შოკმა მოახდინა: პანდემიამ და უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე არ გაჩნდება დაბალი ინფლაციური მოლოდინების ნიშნები, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22,4%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,5%), ჯანდაცვაზე (2,8%). წლის განმავლობაში სურსათზე ფასების ზრდამ აპრილში 21,3% შეადგინა.

„ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისთვის, რომ ინფლაციამ მოლოდინებს არ გადააჭარბოს. სწორედ ამისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრ დონეზე შენარჩუნდეს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ინფლაციაზე გავლენა ორმა შოკმა მოახდინა: პანდემიამ და უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა. მიწოდების პრობლემები იყო ის ძირითადი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია ფასების გაზრდა, დასძინა მან.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა.
მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკა არის მოთხოვნის მხარეზე ზემოქმედების ელემენტი, ხოლო მიწოდების მხარეს ზემოქმედების ელემენტი, როგორც ასეთი, არ არსებობს მონეტარულ პოლიტიკაში, რადგანაც ის ფაქტორი, რომელიც ზრდის ინფლაციას, არის ეგზოგენური.
საქართველოში ინფლაციის დოზე იზრდება - ახალი სტატისტიკა>>>
„როდესაც, მაგალითად, ნავთობის ფასები იზრდება, როდესაც სურსათზე ფასები იზრდება, ის ავტომატურად გადაეცემა ქვეყნის შიგნით ეკონომიკას“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე კი განაკვეთი 8%-დან 10,5%-მდე გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 10,5%-დან 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე შექმნილი ვითარებიდან გამოდინარე, გაზაფხულზე ინფლაციის დონის შემცირების მოლოდინები არ გამართლდება.
ყველა ახალი ამბავი
0