ლექვინაძე: კომპანიებს საწვავზე გაცილებით მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ

© photo: Sputnik / Asatur Esayantsბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
მსოფლიო ბაზარზე 6 მარტიდან საწვავის ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება, რომელიც 12-14% შეადგენს.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ბოლო ოთხი თვის მონაცემებს შეისწავლის, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა. ექსპერტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.
აპრილის ბოლოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე კონკურენციის სააგენტოს საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა და 15 მაისამდე შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა დაევალა.
სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 12-14% შეადგენს, 6 მარტიდან ფიქსირდება. ამავე პერიოდიდან იწყება ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების პროცესიც.

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში იმპორტირებული საწვავის ფასსაც და გაიაფების ტენდენცია აქაც მარტიდან შეინიშნება. მაგრამ საცალო ბაზარზე ამას მნიშვნელოვანი კორექტირება ჯერჯერობით არ მოუხდენია. საქართველოში დღეს წარმოდგენილ მსხვილ და მცირე ქსელებში საწვავზე ფასთაშორისი სხვაობა 40 თეთრამდეა, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოდის“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, ქვეყანაში გარკვეულ კომპანიებს, როგორც მცირე, ისე მსხვილ ქსელებს, საზოგადოებისთვის საწვავზე გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ.
ლექვინაძის განცხადებით, სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშავოს სრულყოფილი რეკომენდაციები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად.
კონკურენციის სააგენტომ მთავრობას აპრილში წარუდგინა საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შესახებ გასული სამი თვის ანგარიში, რის შედეგადაც გადაწყდა ბაზრის მონიტორინგის გაგრძელება.

„შესაძლოა ჩატარებულმა მონიტორინგმა დღის წესრიგში მოკვლევის პროცესის დაწყების ალბათობა დააყენოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გარე ბაზარზე არსებული ვითარება და ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე პროცესები ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მარტის ბოლოს საქართველოს რიგ ქალაქებში საწვავზე გაზრდილი ფასები აქციებით გააპროტესტეს. აქციების ორგანიზატორთა განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საწვავზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ მთავრობას აქციზზე ფასების დაწევით საწვავზე ფასების შემცირება შეუძლია.
როგორც მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება.
ყველა ახალი ამბავი
0