თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

© press-service of Georgian Dreamკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
ახალი პროგრამით დაფინანსდებიან ის პირები, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრირებული არიან სულ მცირე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით ახალი პროგრამა იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ახალი პროგრამის მიხედვით, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ის სტუდენტები, რომელთაც განცხადების შეტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრაცია არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფიქსირდებათ.
მერის განცხადებით, სტუდენტები სემესტრულად, წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან.

„იქნება 100%-იანი, 70%-იანი დაფინანსებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან და შშმ პირებს. უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ განახორციელოს სტუდენტთა დაფინანსების წესში შესაბამისი ცვლილებები, რათა მაისში შევძლოთ განცხადებების მიღება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულებზე:
90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის 100% (1.125 ლარი); მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად, მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტებისთვის;
70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის 100% (1.125 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 70% (787,5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
70-ის ტოლი და ნაკლები ქულის შემთხვევაში - სემესტრული თანხის 70% (787,5 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 50% (562,5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0