სხეული ინსულტს ერთი თვით ადრე გრძნობს: საყურადღებო ნიშნები

© Pexels / Anna Shvetsთავის ტვინი
თავის ტვინი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ცერებრალურ ინფარქტს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იშემიური ინსულტი, სხეული შეტევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გრძნობს, ადამიანს სხვადასხვა სახის სიგნალებს უგზავნის და მოსალოდნელ საფრთხეს ატყობინებს, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ამ ნიშნების იგნორირება არაფრით არ შეიძლება და მათ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. მით უმეტეს, რომ სიგნალებს თავად ტვინი გიგზავნით, რომელიც „ყოველდღიურ სამუშაოს“ უკვე ვეღარ ასრულებს.
ინსულტის დროს (რაც მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს) თავის ტვინს ჟანგბადის მიწოდება უწყდება და კვდება. მასთან ერთად კი „კვდება“ ის, რაზეც ტვინის დაზიანებული უბანი აგებს პასუხს: მეტყველება, სმენა, მხედველობა, კიდურების მოძრაობა თუ სხვ.
ამიტომ მედიკოსები კატეგორიულად გირჩევენ, ნებისმიერი სიგნალის შემთხვევაში, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ, აუცილებლად მიმართოთ ექიმს და გამოკვლევა ჩაიტაროთ.

ინსულტის ძირითადი მინიშნებები:

ჰალუცინაციები — შეიძლება იყოს ნებისმიერი სახისა: მხედველობითი, სმენითი და ყნოსვითი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ისეთ ძლიერ პრეპარატებს არ იღებთ, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მაშინ ჰალუცინაცია თავის ტვინის უჯრედების კვდომის უეჭველი ნიშანია და ამან აუცილებლად უნდა დაგაყურადოთ.
გვირაბული ხედვა — ანუ როდესაც წინ კარგად ხედავთ, გვერდულად კი ვერა. თუ მსგავსი სიმპტომი თანდათან ჩამოგიყალიბდათ, ეს სხვაა, მაგრამ თუ მხედველობა რამდენიმე წამში გაგიუარესდათ, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. იგივე შეიძლება ითქვას მხედველობისა თუ სმენის ნებისმიერი სხვა სახის მყისიერ დარღვევაზე.
მოძრაობის დარღვევა — დადექით სარკესთან ან სთხოვეთ ახლობლებს, დააკვირდნენ თქვენს მოძრაობას. ასწიეთ ორივე ხელი, შემდეგ დაწექით და ასწიეთ ორივე ფეხი. თუ მოძრაობა არასინქრონულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგივე ეხება ასიმეტრიულ ღიმილს.
მეტყველების დარღვევა — ეს სიმპტომი შეიძლება თქვენ ვერც კი შეამჩნიოთ. ამიტომ თუ ვინმემ გითხრათ, რომ მეტყველება დარღვეული გაქვთ, მაშინვე სასწრაფოში დარეკეთ. გარდა ამისა, შესაძლოა ასევე გაგიჭირდეთ ირგვლივ მყოფთა საუბრის გაგებაც.
კოორდინაციის დაკარგვა — ეს სიმპტომი აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ტვინს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არ მიეწოდება. ამიტომ სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.
კისრის მალების შებოჭილობა — თუ დიდხანს გაუნძრევლად არ მჯდარხართ ერთ პოზაში, მაგრამ კისრის მალები „გაგიხევდათ“ და ქვედა ყბას მკერდის ზედა ნაწილამდე ვერ აწვდენთ, ეს ცერებრალური ინფარქტის ნიშანია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ნუ უგულებელყოფთ ამ სიმპტომს!
თვალებში დაბნელება — თუ ეს სიმპტომი იშვიათად და თანაც მხოლოდ რამდენიმე წამით გრძელდება, საშიში არაფერია. მაგრამ თუ ხშირად გიბნელდებათ თვალებში, ეს შეიძლება ტვინში თრომბების ნიშანი იყოს. ამიტომ ექიმთან გადაამოწმეთ.
სისხლდენა ცხვირიდან — თუ ღამღამობით ხშირად უმიზეზოდ გდით ცხვირიდან სისხლი, ფრთხილად იყავით. ეს შესაძლოა ცერებრალური ინფარქტის ნიშანი იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0