სად აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე: კალაძის განმარტება

© photo: Sputnikმელიტონ ქანთარიას ძეგლი კიკვიძის ბაღში
მელიტონ ქანთარიას ძეგლი კიკვიძის ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, შინ თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს ვეტერანთა ტრადიციული შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. მაგრამ ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება. წელს, ისევე, როგორც შარშან, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

„ვაკის პარკში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და არსებული სიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ აქ მოხდეს ვეტერანთა ტრადიციული შეხვედრა. ამიტომ შეხვედრა გაიმართება კიკვიძის პარკში, რომელიც უკვე რეაბილიტირებულია. ვაკის პარკში კი მიმდინარე სამუშაოები მომავალი წლისთვის სრულად უნდა იქნეს დასრულებული“, – განაცხადა კალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, შინ თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში ომის 263 ვეტერანი ცხოვრობს.
საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0