ძიუდო: ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში - რამდენიმე ქართველი სპორტსმენი დაწინაურდა

© photo: Sputnikლუხუმ ჩხვიმიანი
ლუხუმ ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ბულგარეთში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ IJF-ს რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ძიუდოში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ კარიერის რეკორდი დაამყარა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად 3.648 ქულა დააგროვა და რეიტინგში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში სამი ადგილით დაწინაურდა და 2.627 ქულით ხუთეულში შევიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც ევროპირველობაზე ნახევარფინალში გავიდა, თუმცა უმედლოდ დარჩა. ჩხვიმიანს ტაივანელი ვეი იანგი (4.665), რუსი იაგო აბულაძე (3.069), ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი (2.886) და აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი (2 767) უსწრებენ. ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილი (1.996) მე-13 პოზიციას იკავებს.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველ ძიუდოისტებს პოზიციები არ შეუცვლიათ. 3.227 ქულით კვლავ მე-4 ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც მოლდოველ დენის ვიერუს (5.214), მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეისა (4.016) და სამხრეთკორეელ ბაულ ანს (3.795) ჩამორჩება.
საკუთარი წონითი კატეგორიის ლიდერად დარჩა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), რომელსაც 5.932 ქულა აქვს და, წარუმატებელი ევროპირველობის მიუხედავად, უახლოეს კონკურენტ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირს (მონღოლეთი, 4.564) მაინც დიდი სხვაობით უსწრებს.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და რეიტინგში მე-2 ადგილი გაიმყარა ტატო გრიგალაშვილმა. მის ანგარიშზე 6.492 ქულაა და მხოლოდ ბელგიელ მატიას კასეს ჩამორჩება, რომელსაც სწორედ ევროპირველობის ფინალში აჯობა.
საქართველოს ნაკრებს 90 კგ წონით კატეგორიაში მოწინავე ხუთეულში ორი წარმომადგენელი ჰყავს. ლუკა მაისურაძემ ევროპის ჩემპიონობის წყალობით 3.390 ქულა მოაგროვა და ხუთეულში შევიდა. მის წინ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურია (3.500), რომელსაც ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია არ უჭიდავია. ქართველებს რეიტინგში უზბეკი დავლატ ბობონოვი (4.819), აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი (4.657) და უნგრელი კრისტიან ტოტი (4.101) უსწრებენ.
ერთადერთი წონითი კატეგორია ვაჟებში, სადაც მოწინავე ხუთეულში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს, 100 კილგრამია. ილია სულამანიძესა (3.432) და საქართველოს ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს (3.119), შესაბამისად, მეშვიდე და მერვე ადგილები უკავიათ. წონითი კატეგორიის ლიდერი 5.660 ქულით პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკაა.
მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ) 4.459 ქულით მე-2 პოზიციაზეა გურამ თუშიშვილი, რომელმაც სოფიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი მხოლოდ რუს ტამერლან ბაშაევს (5.374) ჩამორჩება.
შემდეგი დიდი ტურნირი, რომელიც IJF-ს რეიტინგში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს, საქართველოში ჩატარდება. თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს არის დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0