დისკვალიფიკაცია, ტექნიკური წაგება და ფულადი ჯარიმები - „ტორპედო“ და „დინამო“ დაისაჯნენ

© photo: Sputnik / Stringerბურთი მოედანზე
ბურთი მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო ქუთაისის „ტორპედოს“ ხუთი საშინაო შეხვედრის გამართვა მაყურებლის გარეშე მოუწევს.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ჩაშლილი მატჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია – ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა იმსჯელა.
ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩი 29 აპრილს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთზე მოედანზე ფეხბურთელებს შორის ვითარება დაიძაბა. კონფლიქტში ორივე გუნდის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, რის შემდეგაც სიტუაცია უმართავი გახდა, მსაჯებმა კი თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ 2:1 ამარცხებდა, თუმცა ინცინდენტის გამო თამაში ჩაიშალა.
აღსანიშნავია, რომ ჩხუბი ფეხბურთელებს შორის რამდენჯერმე დაიწყო და მოედანზე გულშემატკივართა ნაწილიც შევიდა. გარდა ამისა, გულშემატკივრებმა მინდორზე სხვადასხვა ნივთებიც ისროლეს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ 2.400 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ქუთაისის „ტორპედოს“ კი ტექნიკური წაგება ჩაეთვალა (3:0). ამასთან, ქუთაისელები მომდევნო ხუთ საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავენ. რაც შეეხება ფულად სანქციას, ქუთაისის „ტორპედოს“ დაეკისრა ჯარიმა 6.900 ლარის ოდენობით.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის „დინამოს“ ორ ფეხბურთელს გიორგი პაპავას (3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია) და დიმიტრი ანტილევსკის (4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია). ასევე ფულადი ჯარიმა დაეკისრა „დინამოს“ მეკარეების მწვრთნელს ევგენი ტაიკევიჩს.
ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებს – ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე მწვრთნელის ასისტენტ შოთა ბაბუნაშვილს. ასევე ფულადი ჯარიმა და ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის „ტორპედოს“ ფიზმომზადების მწვრთნელს თეიმურაზ ჯანაშიას.
ყველა ახალი ამბავი
0