გულბოროტი და ძლევამოსილი ერისთავი, ანუ ამბავი ქართველი ბორჯიასი

© Pixabay / Yomareსისხლიანი ხმალი
სისხლიანი ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
მსოფლიო ისტორიის მეხსიერებას შემორჩა დესპოტიზმამდე მისული გაუგონარი სისასტიკით, აღვირახსნილობით, გაიძვერობითა და ფლიდობით „სახელგათქმული“ ბორჯიების გვარი, როგორც კლასიკური ნიმუში პირველი კრიმინალური ოჯახისა.
სამწუხაროა, მაგრამ ჩვენც გვყავდა ჩვენი „ბორჯიები“. ვინ მოთვლის, რამდენი მოღალატე და ავანტიურისტი ჰყოლია ჩვენს ქვეყანას ისტორიის განმავლობაში, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: ბაღვაშები, აბულეთიძეები, ყორღანაშვილები, ორჯონიკიძეები...
მაგრამ ყველა მოღალატე ფერმკრთალდება ზურაბ არაგვის ერისთავთან, რომელიც ცბიერებით, სიშლეგით, გაიძვერობით, სისატიკითა და გაუმაძღრობით ყველას აღემატებოდა. ღალატში კი არაგვის ერისთავი ისე გაიწაფა, რომ მისთვის ეს ისეთივე ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, როგორიც ჭამაა.
ისტორიას მივყვეთ.
ვანათელი სიდამონიძეები არაგვის ერისთავ შაბურისძეების ყმები იყვნენ. გაჭიანურებულმა ომებმა და წარუმატებელმა ლაშქრობებმა თანდათან დაასუსტა ერთ დროს ძლევამოსილ შაბურისძეთა გვარი.
სამაგიეროდ დიდი ფხიანობა გამოიჩინეს სიდამონიძეებმა, რომლებმაც ომიანობისა და ჟამიანობის წლებში დიდი სარგებელი ნახეს. ისინი ჯერ აზნაურობამდე აღზევდნენ, ხოლო მეთექვსმეტე საუკუნიდან არაგვის საერისთავოც კი ჩაიგდეს ხელში.
ნუგზარ სიდამონიძემ ისარგებლა იმით, რომ ქართლის მეფე სიმონ პირველი სპარსელებს ჰყავდათ დატყვევებული და ალამუთის ციხეში გამოკეტილი, შაბურისძეთა რეზიდენციას დაესხა თავს, ამოჟლიტა ისინი და არაგვის ერისთავი თავად გახდა.
შემდეგ მან ცეცხლითა და მახვილით მოინდომა უბატონო მთიელთა დამორჩილება, მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მიზანს ვერ მიაღწია. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში „ესტაფეტა“ მისმა ვაჟმა ზურაბმა გადაიბარა, რომელმაც აშკარად დაჩრდილა მამა ცბიერებასა და სისასტიკეში.
თუმცა, სანამ ზურაბი არაგვის საერისთავოს ჩაუდგებოდა სათავეში, მანამ ეს ადგილი მის უფროს ძმას, ბაადურს ეკავა. მაგრამ ირანში ჩასულმა ზურაბმა შაჰ-აბასის გული მოიგო და მისი დახმარებით დაამარცხა უფროსი ძმა ბაადური, რომელმაც იმერეთს შეაფარა თავი და იქ მოკლა კიდეც საზვერელმა ჩიჯავაძემ. გულბოროტმა ერისთავმა არც მეორე ძმა, გიორგი დაინდო, თვალები დასთხარა და საბოლოოდ განიმტკიცა ძალაუფლება.
ზურაბ ერისთავი იდეალური აღნაგობისა ყოფილა. როგორც ხალხური ლექსი ამბობს:
„საფურცლეს ზურაბ მივიდა, ლერწამი ზღვისა პირისა...“
მაგრამ მის შემთხვევაში არანაირად არ ამართლებდა სპარტანელთა შეგონება: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. ზურაბი იყო მრისხანე, ბოროტი და ფლიდი ადამიანი. ერთი სიტყვით, მაკიაველისეული მთავრის ცოცხალ განსახიერებას წარმოადგენდა.
მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში საქართველო ხუთ სახელმწიფოებრივ თუ ფეოდალურ ერთეულად იყო დაქუცმაცებული. ქართველი მეფეები და მთავრები ან ოსმალეთის ხონთქარს ემორჩილებოდნენ, ან ირანის შაჰის ვასალები იყვნენ. ამ ფონზე ისინი სულ უფრო და უფრო შეუზღუდავ უფლებებს იღებდნენ და პირდაპირ კავშირს ამყარებდნენ სტამბულთან და ისპაჰანთან.
ბუნებრივია, მათ შორის იყო ზურაბ არაგვის ერისთავიც, რომელიც დიდად ხეირობდა იმით, რომ ქართლისა და კახეთის მეფებს შორის ერთიანობა არ იყო. ეს უკანასკნელნი, იმის შიშით, რომ ზურაბი მტრის ბანაკში არ გადასულიყო, მის თავგასულობას ეგუებოდნენ.
ზურაბსაც მეტი რა უნდოდა – ცეცხლითა და მახვილით შეიერთა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, სისხლის გუბეები დააყენა და საწადელი მაინც აისრულა. თავისუფალი მთა დაიმორჩილა.
განსაკუთრებით დიდი ბოროტება ხევსურეთში ჩაიდინა ერისთავმა: ხევსურები თრუსოში ნადიმზე მიიწვია. სამოცი ხევსური უიარაღოდ გამოცხადდა წვეულებაზე, აქოდა, ვაჟკაცი სიტყვას არ გატეხსო. მაგრამ ზურაბის სიტყვას ჩალის ფასი ჰქონდა. არაგვის ერისთავის კლანჭებში მოხვედრილ მთვრალ ხევსურებს თავები დააყრევინეს. მხოლოდ ერთი კაცი, გვარად ალექსაური გადარჩა, რომელმაც ზურაბის მიერ მიჩენილი მერიქიფე მოკლა და გაქცევით უშველა თავს. ამის შემდეგ ზურაბმა უთავკაცებოდ დარჩენილ ხევსურთა სოფლებს მარბიელი რაზმი მიუსია და მუსრი გაავლო.
უკეთესი დღე არც ფშავლებს გაუთენდათ. როგორც ხალხური ლექსი ამბობს:
„ხევსურებ ხინკლად ჩაყარეს,
ფშავი შაუნთეს შეშადა“.
მთის საბოლოოდ დამორჩილების შემდეგ ზურაბმა „საგარეო საკითხებისთვისაც“ მოიცალა. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში არაგვის საერისთავო, მართალია, ნომინალურად, მაგრამ მაინც ქართლის მეფე ლუარსაბ მეორეს ემორჩილებოდა. ლუარსაბი არ იყო ძლიერი მეფე და არც უცდია მთის საქმეებში ჩარევა. ამიტომაც იდგა ზურაბი ქართლის მეფის ბანაკში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლუარსაბი შაჰ-აბასს აუმხედრდა, ზურაბმაც მყისვე უღალატა მეფეს და ირანის ლომის ჩრდილს შეაფარა თავი. ირანისკენ გზა მან თავის სიძესთან, დის ქმართან, გიორგი სააკაძესთან ერთად ხელმეორედ გაიარა.
ირანის შაჰის ქვეშევრდომობამ კიდევ უფრო გაზარდა არაგვის ერისთავის გავლენა და ძლიერება. არაგვის საერისთავოს სახით შაჰ-აბასს ის კაუჭი ჩაუვარდა ხელთ, რომლითაც აკავებდა მუდამ განდგომის მსურველ კახეთისა და ქართლის მეფეებს.
გარკვეულ დრომდე ზურაბ ერისთავი ინარჩუნებდა კავშირს ძლევამოსილ სიძესთან და აქტიურად ედგა მხარში საქართველოში დაბრუნებულ სააკაძეს. ზურაბ ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის 1625 წელს მარტყოფთან მიღწეულ გამარჯვებაში და საქართველოდან სპარსელების განდევნაში. მაგრამ მან გიორგი სააკაძეში დაინახა ის პიროვნება, რომელსაც საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება სურდა, ამიტომ სიძესაც განუდგა.
ზურაბს არ მოეწონა სააკაძის გეგმა, რომელიც ქართლის გაერთიანებას ითვალისწინებდა კახეთისა და იმერეთის სამეფოებთან. ამ შემთხვევაში შეიქმნებოდა ერთიანი, ძლიერი ხელისუფლება, რაც არანაირად არ შედიოდა გულზვიადი ფეოდალის ინტერესებში. ამიტომაც იყო, რომ მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლების გმირი 1626 წელს ბაზალეთის ბრძოლაში სააკაძის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა. მისმა ღალატმა გადაწყვიტა კიდეც იმ ბრძოლის ბედი — თეიმურაზის 12 ათასი მებრძოლიდან 3500 არაგვის საერისთაოდან იყო გამოყვანილი. დიდ მოურავს მხოლოდ 9 ათასი მეომარი ჰყავდა...
თუმცა ბაზალეთური ღალატით ვერაფერი ხეირი ნახა ერისთავმა. მართალია, საქართველოს გაერთიანების იდეა დასამარდა, მაგრამ ზურაბი გაცილებით მეტს მოელოდა გამარჯვებული თეიმურაზისგან და ამიტომ ბოლოს მასაც ზურგი აქცია.
ცბიერი ერისთავი შაჰს შეურიგდა და ქართლში მის მიერ ხელდასმული ვალის (გამგებლის), სვიმონ ხანის ბანაკში გადავიდა. ის ისე დაუახლოვდა სვიმონ ხანს, რომ მის უერთგულეს ადამიანად მიიჩნევდნენ. უფრო მეტიც, ახალგაზრდა ვალი არაგვის ერისთავს „მამას“ ეძახდა.
მაგრამ ეს სიამტკბილობაც დიდხანს არ გაგრძელებულა. კახეთის მეფემ კარგად იცოდა ხარბი ერისთავის სუსტი წერტილი და გადასაბირებლად თიანეთი და კიდევ სამი სოფელი უფეშქაშა. და ზურაბიც მყის ღალატის გუნებაზე დადგა. „მზრუნველმა მამამ“ სხვილოს ციხეში შეიტყუა „საყვარელი შვილი“ და 1630 წლის 18 აგვისტოს მუხანათურად მოკლა. მეთოდი იგივე იყო: მსხვერპლი ჯერ ნადიმზე მიიპატიჟა, კარგად აქეიფა და ღამით სარეცელს დააკლა. შემდეგ ქართლის ბაგრატიონთა ახალგაზრდა ნაშიერის მოკვეთილი თავი ხელში სიძეს — გიორგი ჩერქეზს მიაჩეჩა, რათა „ძღვენი“ დაუყოვნებლივ მიერთმია თეიმურაზისთვის.
არც ამას დასჯერდა არაგვის ერისთავი. ის თავს დაეცა წავკისში მყოფ სიმონის ცოლს (შაჰ-აბასის შვილიშვილს), შეიპყრო ის და კახეთის მეფესთან გაგზავნა, დედოფლის მთელი ქონება კი მიითვისა.
ზურაბის მოქმედებამ ისპაჰანში დიდი მრისხანება გამოიწვია და სერიოზულად დაიწყეს ფიქრი არაგვის ერისთავის სიკვდილით დასჯაზე. განსაკუთრებით აქტიურობდა სვიმონ ხანის ბიძა როსტომ მირზა (შემდგომში ქართლის ვალი როსტომ ხანი), რომელსაც იმ დროს დიდი გავლენა ჰქონდა შაჰის კარზე.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თეიმურაზმა გადაწყვიტა, რომ დადგა გადიდკაცებული სიძისთვის (არაგვის ერისთავს ცოლად კახთა მეფის ასული დარეჯანი ჰყავდა) ანგარიშის გასწორებისა და არაგვის საერისთავოს დამორჩილების დრო.
1630 წლის გვიან შემოდგომაზე ზურაბი საფურცლეს (ნატახტარს) მივიდა. იქ მას დიდი ნადიმი გაუმართეს. როგორც ჩანს, არაგვის ერისთავს დაბანგული ღვინო ასვეს, ღამით კი მძინარე ზურაბი და მისი თანმხლებნი ერთიანად ამოჟლიტეს. ამის შემდეგ თეიმურაზის ჯარი უბატონოდ დარჩენილ არაგვის საერისთაოში შეიჭრა და სტრატეგიული ციხეები დაიკავა. კახეთის მეფემ დაქვრივებული ქალიშვილი თავისთან გაიწვია, ხოლო ზურაბის მოჭრილი თავი ისპაჰანს გაგზავნა...
ქართველმა ხალხმა მშფოთვარე და თერგივით დაუდეგარი გულბოროტი ერისთავის ტრაგიკული აღსასრული ასე შეაფასა: „სიკვდილს თესდა და სიკვდილი მოიმკო“.
ყველა ახალი ამბავი
0