მეტრო „სამგორის“ და „ახმეტელის თეატრის“ ტერიტორიებიდან უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს

© courtesy of Tbilisi City Hall უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს
უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
მსგავსი პროექტი პირველად განხორციელდა მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც გარე ვაჭრობამ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროს სადგურების „სამგორის“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიებიდან გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორივე ლოკაცია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა უკვე დაასუფთავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

„სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით თბილისის მერმა კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონების გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარე მოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობების დირექციასთან შეთანხმება შედგა – გარე მოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.
უწყების ცნობით, თბილისის მერიაში არაერთი ზარი და საჩივარია შესული იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მეტროს სადგურების ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.
მსგავსი პროექტი პირველად განხორციელდა სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც გარე ვაჭრობამ გადაინაცვლა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს ყველა უკანონო ჯიხური, რომელიც განთავსებული იყო და რიგითი მოქალაქეებისთვის გადაადგილების პრობლემას წარმოადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0