ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს თანადგომას ჰპირდება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა ქვეყანაში მასმედიის თავისუფლების უზრუნველყოფის საქმეში ამჟამინდელი ხელისუფლების დამსახურებაზე ისაუბრა.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასმედიასა და ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა და მათ მომავალშიც თანადგომას დაჰპირდა.
დღეს, 3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ამ დღეს ბევრ ქვეყანაში მასმედიის ხელყოფისგან დაცვისა და მისი დამოუკიდებლობის აღსანიშნავად ტარდება ღონისძიებები, პატივს მიაგებენ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ ჟურნალისტებს.
„ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას“, – ნათქვამია პრემიერის წერილში.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გუნდის მოსვლის შემდეგ პარტიამ მიზნად დაისახა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – უზრუნველყოს მასმედიის დამოუკიდებლობა, რისთვისაც რიგი რეფორმები გატარდა.
„დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის დამსახურებაა.
ყველა ახალი ამბავი
0