სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 7 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფოს შეღავათებს სთავაზობს.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ დროისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 7 ათასზე მეტი პირი დასაქმდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18 წლიდან შრომისუნარიან პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას.
ბარკალაიას განცხადებით, დღეისათვის პროგრამა უკვე სთავაზობს ბენეფიციარებს 22 ათას ვაკანსიას, წლის ბოლომდე ეს რიცხვი 50 ათასამდე გაიზრდება. საზოგადოებრივ დასაქმებასთან დაკავშირებით მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია, დასძინა მან.

„ინფორმაციის მისაღებად 20 ათასამდე ადამიანმა მოგვმართა. აქედან 7.060 მოქალაქე უკვე დასაქმდა. დაახლოებით 3.800-მა დასაქმების ფორმალიზება აირჩია, ანუ უკვე დასაქმებულია და დასაქმებას, ან თვითდასაქმებას გააფორმებს. არიან პირები, რომლებმაც მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვა აირჩიეს, რათა უნარები აიმაღლონ და ღია ბაზარზე დასაქმება შეძლონ", – განაცხადა ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე 50 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირის დასაქმება იგეგმება და ვაკანსიების დამატებაც ეტაპობრივად განხორციელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დასაქმების სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოიზიდონ ინფორმაცია ამჟამად ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ.
პროგრამის პირობები
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 652,1 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,5%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.
საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელს 20,6%-ს შეადგენდა, ამას „საქსტატის“ მონაცემები მოწმობს.
ყველა ახალი ამბავი
0