ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს 81 წლის იუბილეს ულოცავს

© photo: Sputnik / Stringerნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე მიულოცა.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა, მას დღეს 81 წელი შეუსრულდა.

„დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს. ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის სიამაყით გვავსებდა თავისი ღირსეული ასპარეზობითა და დიდი გამარჯვებებით...“ – ნათქვამია ღარიბაშვილის მისალოც წერილში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია.
„მთელი გულით ვუსურვებ ქალბატონ ნონას მხნეობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას”, – დაწერა ღარიბაშვილმა.
ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962–1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.
2019 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა სენიორებს შორის პირველობაზე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016 და 2018 წლებში გახდა.
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია. 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.
ყველა ახალი ამბავი
0