ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის მეორე წრეში 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე მასტერსი გამარჯვებით დაიწყო, საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველ წრეში იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა.
30 წლის ქართველ ჩოგბურთელს იტალიელი მეტოქის დასამარცხებლად 1:21 საათი დასჭირდა. 34 წლის ვეტერანმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილთან მატჩი ორ სეტში ანგარიშით 7:5, 6:4 დათმო.
პირველ სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი ბრეიკით (5:2) იგებდა, თუმცა ფონინიმ ზედიზედ სამი გეიმის მოგება მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად იტალიელის ფსიქოლოგიური უპირატესობისა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიკის შესრულება კიდევ ერთხელ მოახერხა, შემდეგ საკუთარი ჩაწოდებაც გამოიყენა და პირველი სეტი მოგებით დახურა (7:5).
ბასილაშვილმა ბრეიკით დაიწყო მეორე სეტიც, თუმცა ფონინიმ წონასწორობა მალევე აღადგინა. ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როცა ანგარიში 4:4 იყო, კიდევ ერთხელ მოიგო მოწინააღმდეგის ჩაწოდება და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა (6:4).
აღნიშნული გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა გამოცდილ იტალიელ ჩოგბურთელთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა. ბასილაშვილს ფონინისთან შარშან ცინცინატის მასტერსზე ჰქონდა წაგებული (6:7, 3:6), წელს „ინდიან ველსის" ტურნირზე კი ფაბიო ფონინი ბასილაშვილთან სათამაშოდ კორტზე ტრავმის გამო ვერ გავიდა.
მადრიდის მასტერსის მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან დიდი პროგრესი აქვს და მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.
ბასილაშვილი ალკარასს გასულ წელს „როლან გაროსზე" შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა ანგარიშით 4:6, 2:6, 4:6. ალკარასისა და ბასილაშვილის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ჩოგბურთელს მადრიდში (საპრიზო ფონდი 6.575.560 ევრო) ქულები არ აქვს დასაცავი. გასულ წელს ბასილაშვილი პირველივე წრეში ფრანგ ბენუა პერთან დამარცხდა (4:6, 5:7).
ყველა ახალი ამბავი
0