ასწავლეთ შვილს ყვირილი: უსაფრთხოების რამდენიმე აუცილებელი წესი ბავშვებისთვის

CC BY 2.0 / Flickr/ Lance Shields / Looking outდედა და შვილი
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ევროკომისიის მონაცემებით, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 250 ათასზე მეტი ბავშვი იკარგება, ანუ ყოველ ორ წუთში ერთი ბავშვი.
ეს მონაცემები რამდენიმე კატეგორიას მოიცავს, მათ შორის, გატაცებას — როგორც მშობლების, ისე ბოროტგანმზრახველების მიერ, გაქცევას, უგზო-უკვლოდ დაკარგვას და ა.შ.
და ეს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში!
ალბათ წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის დაკარგულ ბავშვზე შეიძლება იყოს საუბარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საბედნიეროდ, საქართველოში მსგავსი ისტორიები შეუდარებლად იშვიათად ხდება, თუმცა მაინც ხდება და, ამდენად, ცუდი არ იქნება, თუ მშობლები შვილებს ქვემოთ ჩამოთვლილ წესებს პატარაობიდანვე მიაჩვევენ, რეგულარულად გაუმეორებენ, რათა კარგად ჩაუბეჭდონ თავში.
მაგრამ მშობლების ნოტაციების უმრავლესობა უბრალოდ არ მუშაობს; ზოგი რამ კი, რასაც ბავშვებს ვეუბნებით, ზიანის მომტანიც კია.
დიახ, ყველა ვაფრთხილებთ ბავშვებს, რომ კარი არავის გაუღონ, უცხოებს არ დაელაპარაკონ, მაგრამ პირველივე შემოწმებისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი სულაც არ არიან მზად საშიში სიტუაციებისთვის.
მაგალითად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებულმა გამოკითხვამ ბავშვებში აჩვენა, რომ:
25-დან 22 ბავშვი მიეხმარება ასაკოვან ადამიანს მძიმე ჩანთის ავტომობილამდე მიტანაში;
25-დან 22 ბავშვი გაჰყვება უცნობს დაკარგული ცხოველის მოსაძებნად;
25-დან 24 ბავშვი დაემგზავრება ლიფტში უცნობს;
25-დან 24 ბავშვი დაიბნევა, თუ მას უცხო ადამიანი ხელს ჩაჰკიდებს;
25-დან 15 ბავშვი, საფრთხის დროსაც კი, იჩხუბებს, დაკბენს, მაგრამ არ დაიყვირებს;
100-დან 99 ბავშვი თავს უხერხულად გრძნობს უჩვეულო და არათავაზიანი საქციელის დროს;
25-დან 15 ბავშვი მშობლებს თავს გადახდენილი უსიამოვნებების შესახებ არაფერს ეტყვის.

რატომ არ მუშაობს ჩვენი განმარტებები?

სპეციალისტების თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ბავშვს უსაფრთხოების წესებს ვასწავლით უინტერესოდ, ვესაუბრებით უსისტემოდ და არეულად;
ვუხსნით ნერვულად და დაჟინებით;
არ ვაჩვენებთ პრაქტიკულ მაგალითს, როგორ უნდა მოიქცეს;
ბავშვს ვეუბნებით, რა არ გააკეთოს, მაგრამ არ ვეუბნებით, როგორ და რატომ გააკეთოს.

მაშ ასე, ასწავლეთ ბავშვს, რომ:

უარი უთხრან უცნობ ადამიანებს ნებისმიერ შეთავაზებაზე. ჩაუნერგეთ პატარას, რომ „არას“ თქმა ადამიანისთვის, რომელსაც არ იცნობს, არც სირცხვილია და არც უხერხული. ეს მისი უფლებაა და მორჩა!
უფროსმა ადამიანმა დახმარება ასევე უფროსს უნდა სთხოვოს და არა პატარას. მშობლებს ავიწყდებათ შვილისთვის იმის თქმა, რომ „უცნობმა ბიძიამ“ შესაძლოა მხოლოდ კანფეტი ან მანქანით გასეირნება კი არ შესთავაზოს, არამედ დახმარებაც სთხოვოს, ვთქვათ, დაკარგული ფისოს ან ცუგას მოძებნაში, ან მანქანამდე რაიმე ნივთის მიტანაში და ა.შ.
ახალგაზრდა და სასიამოვნო გარეგნობის უცნობი გოგონაც შეიძლება იყოს ძალიან ცუდი ადამიანი.
არ უნდა დაუჯეროს ნებისმიერ უფროსს. გამუდმებით იმის ჩიჩინს, რომ პატარა უფროსებს უნდა უსმენდეს, შესაძლოა შედეგად ის მოჰყვეს, რომ პატარამ უცნობი უფროსის კატეგორიული მოთხოვნით კარიც გააღოს და გაჰყვეს კიდეც. ამიტომ დაუკონკრეტეთ, რომელ უფროსს უნდა დაუჯეროს თქვენმა შვილმა.
დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის. ასწავლეთ პატარას, რომ თუ შემთხვევით დაიკარგა, დახმარება სთხოვოს პოლიციელს, ბავშვიან ადამიანს, დაცვის თანამშრომელს, მაღაზიის გამყიდველს, მოლარესა თუ დამლაგებელს.
თუ უცნობი ადამიანის ქცევა უჩვეულოდ მოეჩვენება, ნუ იფიქრებს, რომ ეშლება. მოურიდებლად გაიქცეს ან ხმამაღლა ითხოვოს დახმარება. საქმე ისაა, რომ ბავშვებს ხშირად ერიდებათ უფროსებისა და საკუთარი ნების წინააღმდეგ იქცევიან. მაგალითად, ლიფტში შევა უცნობ „ბიძიასთან“ ერთად, თუ ის ეტყვის, „რა იყო, მანიაკი გგონივარ?“
თუ ვინმე ემუქრება, მშობლებთან არაფერი თქვაო, ე.ი. ამ ადამიანს რაღაცის ძალიან ეშინია და სწორედ ამიტომაც სასწრაფოდ უნდა უამბოს დედ-მამას ყველაფერი. თუნდაც მშობლების დახოცვით ემუქრებოდეს ეს ვიღაც.
ის არავისთან არ არის ვალში! ხშირად გაუმეორეთ, რომ თუ ვინმე რამეს სთხოვს ან მოითხოვს მისგან, ჯერ დაფიქრდეს, რატომ უნდა გააკეთოს ეს: ვთქვათ, გაუღოს კარი, გაჰყვეს სადმე, გაუგზავნოს თავისი ფოტო და ა.შ.
ყურადღება მიაქციოს დროს, სახლიდან გასვლისასაც დაგირეკოთ და შინ დაბრუნებისასაც. აჩვენეთ საკუთარი მაგალითით ბავშვს, რომ დარეკვა მის გასაკონტროლებლად კი არ გჭირდებათ, არამედ უფროსებიც ასე იქცევით, ვინაიდან ზრუნავთ ერთმანეთზე.
თუ სკოლაში შინ წასაყვანად იმ ადამიანმა კი არ მიაკითხა, ვინც ჩვეულებისამებრ აკითხავს ხოლმე, არამედ სხვამ და თქვენ ამის თაობაზე არ გაგიფრთხილებიათ, აუცილებლად დაგირეკოთ და დააზუსტოს, გაჰყვეს თუ არა ამ კონკრეტულ ადამიანს — ვინც უნდა იყოს ის: ოჯახის ნაცნობი, ნათესავი, მოსამსახურე თუ სხვა.
დაბოლოს: იყვიროს ხმამაღლა!
ჩვენ მთელი ცხოვრება ჩავჩიჩინებთ შვილებს, რომ არ იხმაურონ და ხელი არ შეუშალონ ირგვლივ მყოფებს და ამიტომ როცა ბავშვს რამე უჭირს, როცა რამე საფრთხე ემუქრება, ის ჩუმადაა. უთხარით, რომ თუ დაიკარგა, თუ რამის შეეშინდა, თუ რამე საფრთხე იგრძნო, მოურიდებლად და ხმამაღლა, მთელი ძალით იყვიროს. უფრო მეტიც, ავარჯიშეთ კიდეც ყვირილში.
ყველა ახალი ამბავი
0