საქართველოში მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარება იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საერთო ტაქსონომიის არსებობა ხელს შეუწყობს მდგრადობის რისკების სათანადო იდენტიფიკაციას, შეფასებასა და მართვას.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტაქსონომიის პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობისთვის შეიქმნა.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას ისეთი აქტივობების განსასაზღვრად, რომლებიც მწვანე, სოციალურ ან მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურებიან. ტაქსონომიის მთავარი მიზანი საქართველოში მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარება და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.
„დოკუმენტის შემუშავება განპირობებულია, ერთი მხრივ, საერთო განმარტებებისა და კლასიფიკაციის სისტემების არარსებობით, რომელიც მდგრადი დაფინანსების განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთო ტაქსონომიის არსებობამ ხელი უნდა შეუწყოს მდგრადობის რისკების სათანადო იდენტიფიკაციას, შეფასებასა და მართვას როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე.

ტაქსონომიის შემუშავებამ ასევე ე.წ. greenwashing-ის (არამწვანე პროექტის/პროდუქტის მწვანედ კლასიფიცირება) რისკის შემცირებაც უნდა უზრუნველყოს.
მეორე მხრივ, საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის შემუშავება ქვეყნის ფინანსური სისტემის მახასიათებლების, მდგრადი დაფინანსების განვითარების დონისა და საქართველოსთვის აქტუალური მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინების აუცილებლობამ განაპირობა.
აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტი შეიმუშავა. დოკუმენტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში გაწერილ სხვა ნაბიჯებთან და მათი წარმატებულად განხორციელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
ტაქსონომია ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებულ მდგრადი დაფინანსების ფართო ცნებას ეფუძნება და მწვანე დაფინანსებასთან ერთად სოციალურ დაფინანსებასაც მოიცავს.

„მწვანე ტაქსონომია ისეთი აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. სოციალური ტაქსონომია კი ძირითადად სოციალური მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტაქსონომიის ფარგლებში ისეთი მწვანე/სოციალური აქტივობები, რომლებსაც სოციალური/მწვანე თანასარგებელი აქვთ, მდგრად საქმიანობად განიხილება.
ამასთან, უახლოეს მომავალში იგეგმება კომერციული ბანკებისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების რეგულაციის დამტკიცება.
ტაქსონომიის რეგულაცია ოფიციალურად განმარტავს მწვანე, სოციალურ და მდგრად სესხებს და კომერციულ ბანკებს ტაქსონომიასთან შესაბამისი სესხების ანგარიშგების მოთხოვნებს უწესებს, აცხადებს რეგულატორი.
მოგვიანებით კი კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის ტაქსონომიის საფუძველზე მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების ჩარჩო შემუშავდება.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტი განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0