7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმე: დაესწრება თუ არა პროცესს სააკაშვილი?

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
გასული წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის ბრძანება მას არ გაუცია.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებული არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნები, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებული სააკაშვილი პროცესზე დასწრებას არ აპირებს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
აპრილის შუა რიცხვებში, სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას ცუდად მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა. პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფოს მეთაურს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით მიმართა.
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
აღნიშნულ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებული არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
ამ საქმეზე საქართველოს ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0