საქართველოში იარაღის მთელი არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ექვსი პირი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიამოღებული იარაღი
ამოღებული იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია ექვსი პირი.
კერძოდ, თბილისში სამართალდამცველებმა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 31 წლის პირი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 15 ვაზნა.
პოლიციამ გურიაში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 59 წლის მამაკაცი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ვინჩესტერის ტიპის სანადირო თოფი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა.
გარდა ამისა, ოზურგეთის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 54 წლის მამაკაცი დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ორლულიანი სანადირო თოფი, რევოლვერი და 15 საბრძოლო ვაზნა.
რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 29 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ზესტაფონში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, ორი მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამასთან, ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი 48 წლის და ასევე, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 55 წლის პირები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ორი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0