სისხლიანი გარჩევა ისანში: სასამართლომ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის არასრულწლოვანი
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს, გრიგოლ დოჩიასა და ილია აბლოთიას პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ბრალდებული გრიგოლ დოჩია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო აბლოთია ბრალს აღიარებს. შემდეგი პროცესი 23 ივნისს ჩაინიშნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გრიგოლ დოჩიამ მიმდინარე წლის 27 აპრილს თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ დოჩია შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით ტაქსიში ჩაჯდა, მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა აღნიშნულის შესახებ არ ეთქვა სამართალდამცველებისთვის.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარის შემდეგ ბრალდებული საკუთარ ნათესავთან, ილია აბლოთიასთან მივიდა, რომელსაც მომხდარის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორი დანა აჩვენა. ბრალდებულის ნათესავმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით დანები მდინარეში გადაყარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 28 აპრილს დააკავეს. ერთ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა, ხოლო მის ნათესავს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა.
ყველა ახალი ამბავი
0