საქართველოში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი პირი დააკავეს - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ერთი - „ქურდული სამყაროს" წევრობის, მეორე - კი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით.
გარდა ამისა, ერთ პირს (მეტსახელად „ყურშა") „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. კიდევ ერთ პირს კი „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთ ბრალდებულსა და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა, რომლის მოგვარებაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ. უწყების ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა") და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).
„კანონიერმა ქურდებმა“ მოდავე მხარეებთან ერთად თურქეთის ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი - მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა და 223-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0