რა ეტაპზეა რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

© photo: Sputnik / Ekaterina Mikaridzeსაბაგიროს ზედა სადგური
საბაგიროს ზედა სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
რეაბილიტაციის შემდგომ, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაბაშვილის №8 შენობის კედლის გამაგრება, ძველი ანძების ფუნდამენტის დემონტაჟი და ახალი ფუნდამენტის ჩასხმა, ასევე, ზედა სადგურის ტერიტორიაზე ქვაბულის გაჭრა.
„სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი გულისხმობს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამუშაოებს აწარმოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.
უწყების ცნობით, რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1.200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 846 მ.
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.
წყარო - თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0