ავად დაბრუნებული სიკეთე, ანუ „ალაჰ, ქართველს ერთი პირი არ მისცე“

© Pixabay / joernhbისპაჰანი, შაჰის სასახლე
ისპაჰანი, შაჰის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
ჭკვიან კაცს უთქვამს, ზარმაცი ხალხი ვართ ქართველები, მონებად გაყიდულებიც კი, რომ არ ემუშავათ, ბეგები და ფადიშაჰები ხდებოდნენო.

ამ ირონიული სენტენციის უკან მწარე რეალობა იმალება. სანამ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მტერი შაჰ აბას I ქართველთა ამოძირკვას ცდილობდა, ბედის ირონიით მის კარზე ჩვენმა თანამემამულეებმა ისეთი დიდი გავლენა მოიპოვეს, რომ საბოლოოდ მათი გადასაწყვეტი გახდა, ვინ დაიკავებდა შაჰ აბასის ტახტს.

მეჩვიდმეტე საუკუნის იტალიელი მოგზაური ჯუსტო პრატო წერდა:

„დღეს მთელი სპარსეთი სავსეა ქართველებით, მათ ხელშია ყველა დიდი თანამდებობა“.

შაჰ აბას I-ის მმართველობის დროს მის კარზე აღზევდნენ: მამა-შვილი უნდილაძეები, როსტომ სააკაძე, გიორგი სააკაძე, სეფი ყული ხან მირიმანიძე, ხოსრო მირზა, ბარათაშვილები და მრავალი სხვა.

მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს სპარსეთის შაჰის კარზე ყულარაღასად (ჯარის სპასალარი) დაწინაურებულმა ალავერდი ხან უნდილაძემ უამრავ ქართველს გაუკაფა გზა იერარქიის ურთულეს ლაბირინთებში. ის ირანში ნებით თუ იძულებით გადახვეწილი ქართველების მფარველი, პატრონი და ხელის გამმართველი იყო. მისი წყალობით შეიქმნა შაჰ აბასის კარზე დიდი ქართული სათვისტომო, რომელსაც ყიზილბაშთა ელიტარული გვარდია დაუპირისპირდა. და ალავერდი ხანმა შაჰს ყიზილბაშების განადგურების ბრძანება გამოსტყუა, რის შემდეგაც მუსრი გაავლო ყიზილბაშთა გვარდიას და ისინი ქართველებით დაკომპლექტებული ყულის ჯარით ჩაანაცვლა.
სწორედ აქედან დაიწყო ქართველთა აღზევება შაჰ აბასის კარზე და ეს ვითარება არც ალავერდი ხანის სიკვდილის შემდეგ შეცვლილა.

შაჰ აბასის მოღვაწეობის დაისს შაჰის კარზე გავლენიანი ქართველების ორი დიდი დაჯგუფება გამოიკვეთა, რომლებიც ერთმანეთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებული. შედარებით მდიდარი და ძლიერი დაჯგუფება — ძმების, ფარსის ბეგლარბეგ იმამ ყული ხანისა და განჯის ბეგლარბეგ დაუდ ხან უნდილაძეების კავშირი იყო. მეორე დაჯგუფება ქართლის მეფის სიმონ პირველის გამაჰმადიანებული ძმის, სამედიცინო ენციკლოპედია „იადიგარ დაუდის“ ავტორის — დაუდ ხანის უკანონო შვილის, ისპაჰანის ტარუღა (მოურავი) ხოსრო მირზას გარშემო დაირაზმა.
სანამ „ალაჰის ჩრდილი“ ცოცხალი იყო, ქართველთ ეს ორი დაჯგუფება კიდევ თავს იკავებდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ერთმანეთს უმოწყალოდ დაერივნენ.
მანამდე ეჭვიანმა და დაუნდობელმა შაჰ აბასმა უფროსი ვაჟი საიქიოს გაისტუმრა, ორს კი თვალები დასთხარა. მხოლოდ უმცროსი ვაჟი იმამ ყული ხანი და შვილიშვილები გადაურჩნენ მის მრისხანებას.

უნდილაძეები უფლისწულ იმამ ყული ხანის, ხოსრო მირზა კი საამ მირზას გამეფებას უჭერდა მხარს. მართალია ქვეყანაში მეტი გავლენა და ავტორიტეტი ძმებ უნდილაძეებს ჰქონდათ, მაგრამ ისინი პროვინციების მმართველები იყვნენ და სანამ უნდილაძეებამდე მიაღწია შაჰ აბასის გარდაცვალების ამბავმა, დედაქალაქის ტარუღა ხოსრო მირზამ საამ მირზას ტახტზე აყვანა მოასწრო.
შაჰ სეფ პირველად წოდებული საამ მირზა უნებისყოფო, ჭირვეული მმართველი გამოდგა. სახელოვან პაპას ჭკუა-გონებითა და ვაჟკაცობით ფრიად ჩამოუვარდებოდა, სისასტიკით კი შაჰ აბასზე ნაკლები არ იყო. წარბშეუხრელად მოიცილა თავიდან ყველა კონკურენტი — უფლისწულები „ზედმეტობისათვის“ სიკვდილით დასაჯა.

ხოსრო მირზამ უდიდესი გავლენა მოიპოვა შაჰ სეფის კარზე. ახალგაზრდა შაჰი მამასაც კი ეძახდა მას. ფაქტობრივად ხოსრო მირზა იყო სპარსეთის რეალური მმართველი, მაგრამ უნდილაძეების სახელი და დიდება არ ასვენებდა. ბოლოს მაინც შეუტია კონკურენტებს. დაუდ ხანმა, ეტყობა, იგრძნო „რეპრესიების სუსხი“, ამიტომ კახეთის მეფე თეიმურაზ პირველს შეეკრა და აჯანყება წამოიყო. აჯანყება სათანადოდ მომზადებული არ აღმოჩნდა და განჯის ბეგლარბეგი დამარცხდა. დაუდ ხანმა ჯერ კახეთს შეაფარა თავი, იქიდან კი ოსმალეთში გადაიხვეწა.

სიკვდილს ვერც მისი უფროსი ძმა იმამ ყული ხანი გადაურჩა. 1633 წელს ის ქართველი სიძეების ხელით გაისტუმრეს იმ ქვეყნად.
რას წარმოიდგენდა დიდი ალავერდი ხანი, თუ სპარსეთში მცხოვრები ქართველებისთვის გაკეთებული სიკეთე ასე ავად შეუბრუნდებოდა მის შვილებს.
თუმცა ნაადრევი გამოდგა ხოსრო მირზას ზეიმი. უნდილაძეების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად ნახმობმა ყიზილბაშებმა „გამოთავისუფლებული“ ადგილები დაიკავეს და დიდვეზირად თავრიზელი მუჰამედ სარუ თაქი გაიყვანეს.

დიდვეზირმა ნელ-ნელა დაასუსტა ხოსრო მირზას დაჯგუფება და ბოლოს იმდენს მიაღწია, რომ სპარსეთში ყველაზე გავლენიანი კაცი მეორეხარისხოვანი პროვინციის მმართველად გადაიყვანა. ამით დაიწყო ხოსრო მირზას (ქართლის ვალი როსტომ ხანი) კლანის დამხობა.

ისპაჰანში დარჩენილი ქართველების ნაწილი ძალაუფლების დაკარგვას იძულებით შეეგუა, გაურჩებულებს კი სარუ თაქის ყიზილბაშებმა გაავლეს მუსრი...
ყველა ახალი ამბავი
0