ძალიან მძიმე მაისი: გამოქვეყნდა მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

© AP Photo / Steve Gribben / Johns Hopkins APL / NASA
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მაისი, შეიძლება ითქვას, გეომაგნიტური შეტევების თვე იქნება, რაც უარყოფითად იმოქმედებს ჯანმრთელ ადამიანებზეც კი, ირკვევა მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებიდან.
შესაბამისად, სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გეოდარტყმების განრიგის ცოდნა.
მაისის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:
პირველი ტალღა: 1 მაისი — თვის პირველი მაგნიტური ქარიშხალი საკმაოდ სერიოზული იქნება, მისი სიმძლავრე დაახლოებით 5 ბალს მიაღწევს;
მეორე ტალღა: 5-6 მაისი — მოსალოდნელია 3-4 ბალის სიმძლავრის ქარიშხალი;
მესამე ტალღა: მოიცავს 11-დან 17 მაისის ჩათვლით პერიოდს. ამ დღეებში 4-დან 6 ბალამდე სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხლებია მოსალოდნელი;
მეოთხე ტალღა: 20-25 მაისი — მზის აქტიურობამ შესაძლოა 7 ბალს მიაღწიოს;
მეხუთე ტალღა: 26-27 მაისი — გეოდარტყმის ძალა შესუსტდება და 2-4 ბალს შორის იქნება.
ამასთან, მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება და მისი აქტიურობის პროგნოზი შესაძლოა მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს.

რა არის მაგნიტური ქარიშხლები?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0