ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტალინი
ტალინი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
ქართული დელეგაცია რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ბალტიისპირეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლები ამ რეგიონში საქმიან შეხვედრებსა და პრეზენტაციებს მართავენ.
ამჯერად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ესტონელ ტუროპერატორებთან გამართეს. ტალინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი და ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანის, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი და ავიაკომპანია Air Baltic-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ესტონეთი ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად იმ ევროპულ მიმართულებებს შორისაა, საიდანაც ბათუმში პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ჩარტერული რეისები ტალინი–ბათუმი–ტალინი 2019 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაიწყო და ყოველწლიურად ხორციელდება. ესტონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების წარმომადგენლებმა 27 აპრილს შეხვედრა გამართეს ლიეტუველ ტუროპერატორებთან. ვილნიუსში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე და Air Baltic-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლების შემდეგი ვიზიტი ლატვიაშია დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0