ვინ მიითვისა ექიმებისა და ექთნებისთვის დარიცხული პრემიები? ჯანდაცვის უწყების განმარტება

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტროს შენობა
ჯანდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
შრომის ინსპექცია ცდილობს იმ კლინიკებთან მოლაპარაკებას, რომლებსაც დღემდე აქვთ ექიმებისა და ექთნების დავალიანება.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-კლინიკების ექიმებისა და მედდებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი პრემიების მითვისების ფაქტები გამოავლინა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასები 50%-ით გაეზრდებათ. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ მიიღო. კლინიკების ბოლო შემოწმებამ კი აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში ფინანსური სახსრები ადრესატამდე არ მიდიოდა.

„სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდ-პანდემიის დროს ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო კონკრეტული მიზნობრიობით რიცხავდა, მაგრამ ის, სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა“, – განაცხადა აზარაშვილმა.

შრომის ინსპექცია მუდმივად ცდილობს იმ კლინიკებთან შეთანხმებას და მოლაპარაკებას, რომლებსაც ამ დრომდე არ გადაუხდიათ ექიმებისა და ექთნებისთვის დავალიანება. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთ კლინიკაში იყო შემთხვევები, როდესაც დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა 5-10-ჯერ გაიზარდეს ხელფასები ექიმებისა თუ ექთნების დანამატების ხარჯზე.
აზარაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო 2022 წლის იანვრიდან აქტიურად აკვირდება დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა.
მისი თქმით, ის 9 ათასი საწოლი, რომელიც იანვრის დასაწყისში იყო მობილიზებული, საერთოდ არ იყო საჭირო, აქედან 1,7 ათასი საწოლი მინისტრმა უკვე გააუქმა.
აზარაშვილის განცხადებით, ისინი თავისუფალი იყო, სახელმწიფო კი ორი წლის მანძილზე თითოეულ საწოლში არცთუ ისე მცირე თანხას, დღე-ღამეში დაახლოებით 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, აღნიშნულ პერიოდში თანხას მინიმუმ 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა.
„ამ ორი წლის განმავლობაში ჯამში სულ კლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი და კლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, როგორც კი კოვიდ-კლინიკებში შემოწმება დასრულდება, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ასევე შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა და „თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, დასძინა მინისტრმა.

„საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით შოულობდნენ ფულს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

საქართველოში ექთნების ყოველთვიური საშუალო ხელფასი 300-დან 600 ლარამდეა. ექიმების ხელფასი კი 1,5 ათასიდან 2-3 ათასამდე მერყეობს.
ყველა ახალი ამბავი
0