კახეთში ქალის თვითმკვლელობის საქმე: პროკურატურამ რვა წლის შემდეგ ბრალი სამ პირს წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
ახალგაზრდა ქალმა მიყენებული შეურაცხყოფა ვერ აიტანა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2014 წელს მომხდარი ქალის თვითმკვლელობის ფაქტზე ბრალდებულთა გამოსავლენად თითქმის რვა წელი დასჭირდა – ბრალდება სამ პირს წარედგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის 16 სექტემბერს ბრალდებულმა მამაკაცებმა ქალი ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, სცემეს, შემდეგ კი მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს.
აქ ბრალდებულებმა ქალს ისევ შეურაცხყოფა მიაყენეს უკვე სოფლის მცხოვრებლების თანდასწრებით, ისინი აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო.

„ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

2014 წლის 18 სექტემბერს, მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამივე პირს ბრალდება სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და„ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0