ყაზახეთი საქართველოს გავლით 3 მლნ ტონამდე ნავთობის გადაზიდვას გეგმავს

© photo: Sputnikნავთობის ცისტერნები ფოთის პორტში
ნავთობის ცისტერნები ფოთის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის მზად, განახორციელოს ყაზახური და, ზოგადად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ტრანსპორტირება ევროპაში, განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2-3 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას აპირებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტენდენციები მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია.
ყაზახური მხარე დაინტერესებულია საქართველოს დერეფნით გავლით ტვირთბრუნვის გაზრდით, ნათქვამია განცხადებაში.

„2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ მაჩვენებლის უფრო მეტად გაზრდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის მზად, განახორციელოს ყაზახური და, ზოგადად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ტრანსპორტირება ევროპაში.
სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კავშირებზე საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას ყაზახეთსა და საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ ძალისხმევაზე საქართველოსა და ყაზახეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნებში გრძელვადიან პერსპექტივაში სატვირთო გადაზიდვების მოზიდვა-მომსახურების კუთხით.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
2022 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი ყაზახეთში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149,7%-ით გაიზარდა და 23,7 მლნ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0