მარგველაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპები დაახლოვდა - მაჭარაშვილი

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ხმებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მარგველაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრინციპები ერთმანეთთან ძალიან დაახლოვდა, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მანამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მარგველაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ. ტელეარხის ცნობით, მარგველაშვილმა შემოთავაზება პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილისგან პირადად მიიღო და ამ საკითხზე პარტიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„თუ ამ შემთხვევაში მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას თავმჯდომარის არჩევნებში, ალბათ არც არავის გაუკვირდება, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, მისი პრინციპები უკვე ძალიან დაახლოვდა „ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპებთან", – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რადგან თითქმის ყველა პროცესს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი აკონტროლებს, ხაზგასმით აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში მარგველაშვილმა ის რამდენჯერმე მოინახულა. გარდა ამისა, 15 აპრილს მარგველაშვილი უკრაინას ეწვია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად. მისი თქმით, კიევში გამგზავრების გადაწყვეტილება სააკაშვილთან საუბრის შემდეგ მიიღო.
თავად მარგველაშვილმა უარყო პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მოიგონეს იმისთვის, რათა გადაიფაროს სკანდალი იმ საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამ ჩანაწერზე განაცხადა, რომ ის მონტაჟია, მათი შექმნა და გავრცელება კი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველოში არეულობის გამოწვევა და ქვეყნის ომში ჩათრევა.
ყველა ახალი ამბავი
0