„არანაირი მეორე ფრონტი“ - ღარიბაშვილი საქართველოში ომის შესაძლებლობას გამორიცხავს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს არ დაუშვებს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ალბათობა გამორიცხა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მაგრამ, მისი თქმით, საქართველო ამას არ აკეთებს და მეტიც - რუსეთის პოზიციის გამართლებას ცდილობს.

„არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა უზარმაზარი და უპატიებელი შეცდომა, როდესაც ქვეყანას ომი ვერ აარიდა.
„სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი აზრით, ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა ერთი მიზნით – „რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის, ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება“.
პრემიერის თქმით, ეს „პირდაპირ ნიშნავდა... ახალი ომის დაწყებას“.
„გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ყველა?!“ – განაცხადა პრემიერმა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. მმართველ პარტიაში კი ამას იმით ხსნიან, რომ სანქციების გამო თავად საქართველო დაზარალდება. ისინი ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებენ.
უკრაინის ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს. ამის შესახებ არესტოვიჩმა განაცხადა.
მან ასევე განაცხადა, რომ არც მოლდოვისა და არც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაში „ომის ადამიანები“ არ არიან. მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის ომი – ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ამის გაკეთება შეეძლო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აღნიშნა არესტოვიჩმა.

ჩანაწერების სკანდალი

ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური ტელეარხების მიერ გავრცელებულ იმ საუბრის აუდიოჩანაწერებს, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი. პრემიერმა ამ აუდიოჩანაწერებს გაყალბებული უწოდა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს და მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიყალბით ისინი ცდილობენ საზოგადოებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
10 მარტით დათარიღებულ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს „ხორბალთან დაკავშირებულ იდეას“ სთავაზობს. საუბარში ნახსენებია ვინმე დავითის და ალი უზდენოვის - კომპანია Система-ს ვიცე-პრეზიდენტის სახელები, რომლებიც საკითხის დეტალების გასაცნობად თითქოსდა უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.
„თუ შენ ამ საქმეში ჩაერთვები, მაშინ მე ამ საქმეზე წავალ“, – საუბრობს ადამიანი ევტუშენკოვის ხმით, რის შემდეგაც თანხმობას იღებს შეხვედრასა და საკითხის განხილვაზე.
მეორე ჩანაწერზე, რომელიც 12 მარტითაა დათარიღებული, ადამიანი ივანიშვილის ხმით პასუხობს, რომ მან ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გაგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0