საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში კახის რაიონი მოინახულა

© courtesy by Zurab Pataradzeზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაესწრნენ.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები 23-24 აპრილს ვიზიტით კახის რაიონს ეწვივნენ, რომელიც ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.
როგორც დიპლომატიური უწყების გვერდზეა აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ზურაბ პატარაძის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ მუსა შექელიევთან, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს ელჩმა დაათვალიერა „ჰეიდარ ალიევის ფონდის“ მიერ აშენებული კახის რაიონის კულტურის ახალი სახლი, გაესაუბრა იქ დასაქმებულ, ქართველი ეროვნების თანამშრომლებსა და ანსამბლ „შვიდკაცას“ ხელმძღვანელობას.

„23 აპრილს გაიმართა შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებსა და ჩვენს თანამემამულეებს შორის, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საკონსულო საკითხებში. მათ მიეწოდა ინფორმაცია კოვიდ-რეგულაციების გამო საქართველო–აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში საელჩოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებების შესახებ“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე დღეს ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაესწრნენ.
საელჩოს ინიციატივით მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცა.
კახის რაიონი საქართველოს ისტორიული პროვინცია ჰერეთის ნაწილია. 1921 წლიდან ის აზერბაიჯანის შემადგენლობაში გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0