საქართველოში უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსი გამოცხადდა

© Pixabay / epicantusსტარტაპები, ინოვაციები
სტარტაპები, ინოვაციები - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2022
გამოწერა
კონკურსის შედეგად ათ საუკეთესო სასკოლო და ათ სტუდენტური სამეწარმეო იდეას შეარჩევენ
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა (საბაუნი) მცირე სამეწარმეო იდეების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილებას სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მიიღებენ.
კონკურსის მიზანი საინტერესო, ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების აღმოჩენაა.
სასკოლო სამეწარმეო იდეების კონკურსში ჩართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სკოლის უფროსკლასელს (მე-10, მე-11 და მე-12) ან უფროსკლასელებისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია. სტუდენტური კონკურსის შემთხვევაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ „საბაუნის“ სტუდენტებისათვის არის შესაძლებელი.
კონკურის ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ბიზნესგეგმის წარდგენა უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მოთხოვნების მიხედვით.
პროექტში ჩართულები იქნებიან საბაუნის პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: იტალიიდან (Università di Roma LUMSA), პოლონეთიდან (Polonia University), საფრანგეთიდან (Université Catholique de Lille). ისინი ერთის მხრივ კონსულტაციებს გაუწევენ კონკურსის მონაწილეებს, მეორის მხრივ - საუკეთესო იდეების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში დავეხმაროთ ახალგაზრდებს. სწორედ ამიტომ პროექტი, რომელიც უკვე მეორედ ტარდება „საბაუნის“ ორგანიზებით, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების საშუალებაა. მათ აქვთ შესაძლებლობა დაფიქრდნენ, გამოიჩინონ ინიციატივა და მარტივად შეძლონ საკუთარი იდეის რეალობად ქცევა“, - განაცხადა „საბაუნის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა თამთა მიქაბერიძემ.
კონკურსის შედეგად ათ საუკეთესო სასკოლო და ათ სტუდენტური სამეწარმეო იდეას შეარჩევენ, რომლის შემდეგაც გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული გუნდი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა დააწესა 1300 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო სასკოლო (I ადგილი - 800 ლარი; II ადგილი - 500 ლარი), ხოლო 1500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო (I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი - 500 ლარი) სტუდენტური იდეების დასაფინანსებლად.
კონკურსანტების რეგისტრაცია 22 აპრილს დაიწყო და 20 მაისს დასრულდება, პრეზენტაცია – 31 მაისს, დაჯილდოება კი 7 ივნისს გაიმართება.
წყარო - „საბაუნი“
ყველა ახალი ამბავი
0