ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა — ნაკლებცნობილი სასწაულებრივი ფაქტები
© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
/ გამოწერა
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული — წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა — ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღესა და ერთსა და იმავე ადგილას ხდება. ეს მსოფლიო მასშტაბის უანალოგო მოვლენაა
ცეცხლის გარდამოსვლას მისი თითქმის ორიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში თან ახლდა სხვა არაერთი სასწაულებრივი მოვლენა, რაც ხშირად დიდ გავლენას ახდენდა როგორც ჩვეულებრივ მრევლზე, ისე საეკლესიო იერარქებსა და სხვადასხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებზეც.
ასეთი მოვლენებიდან ზოგი ერთჯერადი იყო, ზოგი გამეორდა, ზოგი კი ხშირად ხდება.
ჩვენ მსგავსი სასწაულების შესახებ გვსურს მოგითხროთ, ისეთებზე, რაც მკითხველთა ფართო წრისთვის ნაკლებადაა ცნობილი.
ელვარე სფერო
ბერძენმა მომლოცველმა 1994 წელს საინტერესო მოვლენა გადაიღო კამერით.
წმიდა ცეცხლის გარდამოსვლიდან მოკლე ხანში, კუბუკლიის შესასვლელიდან მარჯვნივ კაშკაშა, მანათობელი სფერო გამოჩნდა, რომლის დიამეტრი დაახლოებით 50 სმ იქნებოდა. „ბურთმა“ სწრაფი (წამში დაახლოებით 3.5 მეტრი) მოძრაობა დაიწყო მჭიდროდ მიჯრილი ადამიანების მხრების სიმაღლეზე, მაგრამ არც ფორმას კარგავდა და არც იშლებოდა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ხალხი ამას ვერ გრძნობდა.
თხუთმეტიოდე მეტრის გავლის შემდეგ სფერომ ასაკოვანი მამაკაცის სანთელი აანთო, რომელიც მარიამ მაგდალინელის საკურთხევლისკენ მიმავალ სვეტებს შუა იდგა.
კიდევ ერთმა თვითმხილველმა ჰაერში მოძრავი მომცრო, ცისფერი „ბურთები“ დააფიქსირა კამერით. ასეთი მოვლენები ყველაზე ხშირად კუბუკლიასთან ახლოსა და მის თავზე ხდება.
მართლმადიდებელი მკვლევარი გუბანოვი საინტერესო შემთხვევას აღწერს, რომელიც ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ მომხდარა:
„ვხედავ, როგორ ანათებს ელვა კუბუკლიის თავზე ზიგზაგურად — ხან აქ გაიელვებს და ხან — იქ… უცბად სფერო გამოჩნდა, რომელიც რაღაც მომენტში თითქოს დაიშალა — გაიელვა და ისე. ყველანი წამოვხტით და ავყვირდით: „უფლის წყალობა, ეს სასწაულია!“ ყველანი გაშეშებულები ვდგავართ და ველოდებით, რა მოხდება. მოულოდნელად სტვენა გაისმა და ყველამ დავინახეთ იესოს ხატზე ცისფერი სფერო. ამ დროს პატრიარქიც გამოვიდა კუბუკლიიდან, წმიდა ცეცხლი უკვე გარდამოსულიყო“.
მკვლევარი ასევე აღწერს 1997 წელს მომხდარ მოვლენას:
„ერთი ქალბატონი ამ დროს გოლგოთაზე იყო და ქვემოთ, საკურთხევლისკენ იყურებოდა. მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ გადმოვიდა ბერძენი მღვდელმსახურის სანთლებზე სამი ცეცხლოვანი ბურთი — დაახლოებით, ფორთოხლის ზომისა, და მღვდელმსახურის სანთლები აანთო“.
ასეთსავე მოვლენას აღწერენ სხვა თვითმხილველებიც:
„მთელი ტაძარი აღფრთოვანებული შეძახილებითა და სიხარულით აივსო. ირგვლივ ყველაფერი ელავდა. მალე ელვა ცისფრად აკაშკაშდა — პატრიარქმა ირინეოსმა კუბუკლიიდან ღვთაებრივი ცეცხლი გამოიტანა, რომელსაც ყველა მხრიდან იტაცებდნენ. თუმცა ეს საჭიროც არ იყო, ცეცხლოვანი ბურთები ნაძვის ხის სათამაშოებივით თავისით „ხტებოდა“ ყველა მიმართულებით და ადამიანებს სანთლებს უნთებდა. ასევე თავისით დაინთო კუბუკლიის შესასვლელის თავზე დამაგრებული ჩირაღდნები. ერთი ბურთი ზემოთ აიჭრა და როტონდის მეორე იარუსზე მდგომ მონაზვნების სანთლები დაანთო“.
„ერთ ჭაღარა, ასაკოვან ქალბატონს, ჩვენი ჯგუფის წევრს, სანთლები თავისით დაენთო, როგორც კი ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა… ამ ქალმა ცეცხლის გარდამოსვლა სხვებისგან განსხვავებულად იხილა — ცეცხლოვანი ბურთების სახით, რომლებიც კუბუკლიიდან გამოდიოდა. როცა მისი სანთლები დაინთო, ქალბატონმა სამჯერ ჩააქრო ისინი, მაგრამ სანთლები სამჯერვე თავისით დაინთო“.
მეხის ხმა მოწმენდილ ცაზე
ხმოვანი მოვლენა იშვითად ხდება და, როგორც წესი, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას უსწრებს წინ. ასეთი მოვლენები აღწერილია როგორც წარსულ, ისე თანამედროვე ისტორიაში. თვითმხილველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეხისებური ხმა მოწმენდილ ცაზე ისმის.
მაგალითად, შემორჩენილია მე–17 საუკუნეში მოღვაწე ყაზანელი ვასილი გაგარას ჩანაწერი: „მიტროპოლიტი… ორი საათის განმავლობაში ლოცულობდა. როგორც კი 11 საათი შესრულდა, ამ დიდებული ტაძრის გამსკდარი გუმბათის თავზე ზეციდან სამმაგი მეხის ხმა გაისმა, და ბერძნებმა და არაბებმა ერთხმად დაიწყეს ძახილი „აგიოს, აგიოს, აგიოს…“, რაც ჩვენებურად შუქს, ნათელს ნიშნავს, და თან პირჯვარს იწერდნენ…“
მსგავსი შემთხვევაა აღწერილი მე–16 საუკუნეში მოღვაწე „დეკანოზ პართენიოსის ცხოვრებაშიც“. დეკანოზი წერს: „იყო ნათელი და დარიანი დღე. პატრიარქი მარჯვნივ იჯდა. უცბად მეხი გავარდა და მარცხნივ მარმარილოს შუა სვეტი გაიპო, ხოლო ნაპრალიდან ცეცხლი გამოვარდა“.
როგორც ზემოთ ვთქვით, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის მოწმეები ჩვენს დროშიც არიან. მაგალითად, ნოვგოროდის ეპარქიის არქიმანდრიტი ილარიონი წერს: რუს მღვდელმსახურებთან ერთად (16 კაცი) მთელი ღამე… ქრისტეს აღდგომის ტაძარში გავატარე… დიდი შაბათის დილით, ადგილობრივი დროით 9 საათზე ღვთიური ძალის გამოვლინებები დაიწყო: მეხის ხმა გაისმა, მიუხედავად იმისა, რომ ცა მოწმენდილი იყო და კარგი დარი იდგა. ეს ხმა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა (12 საათამდე)“.
ცეცხლში, რომელიც არ წვავს
ეს ძალიან იშვითი მოვლენაა, მაგრამ თვითმხილველები მაინც არსებობენ. მათ შორის ზემოხსენებული არქიმანდრიტი ილარიონიც გახლავთ, რომელსაც უფალმა სასწაულების ხილვა არ მოაკლო.
აი, რას წერს ის: „უცნაური რამ შემემთხვა. ჩემს კაპიუშონს ცეცხლი მოედო. ვიფიქრე, მთლიანად დავიწვები–მეთქი. მორჩილს ვეკითხები, ვალენტინა, შემომხედე, თავსაბურავზე ცეცხლი წამეკიდა, რა მჭირს–მეთქი? არაფერი, მამაო, ცეცხლი ჩაქრა და კაპიუშონიც მთელი გაქვთო, მიპასუხა. დედაოებმა დამამშვიდეს, ეგ არაფერი, ჩვენც დაგვმართია ეგრეო“.
დასასრულ, გვინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ სასწაულებრივი შემთხვევებისა, რომლებიც თვითმხილველებს აღუწერიათ და გამოუქვეყნებიათ. ყველაფრის ერთ სტატიაში თავმოყრა, უბრალოდ, შეუძლებელია.