საკონსტიტუციო სასამართლომ ჰაშიშის მოხმარებისთვის სასჯელი შეამსუბუქა

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის 0,1315 გრამამდე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება.
დღეისათვის საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალება ჰაშიშის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით) არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც კრძალავს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დიდ ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის აღნიშნული თავით გათვალისწინებული დანაშაული“, ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას.

სასამართლომ დაადგინა არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისს მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი სასჯელი - ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა და „ბალახის“ მოწევა სრულად ლეგალიზებული გახადა.
მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და 800-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მარიხუანის მოხმარება აკრძალულია 21 წლამდე პირებისთვის. აღნიშნული დანაშაული ასევე ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. მარიხუანის მოხმარება იკრძალება სამსახურშიც. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს 1 ათასიდან 1,5 ათასამდე ლარის ოდენობით ჯარიმას.
ყველა ახალი ამბავი
0