დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთს რაკეტებზე უფრო საშიში იარაღი აქვს

© photo: Sputnik / Ilya Naimushinხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
დასავლეთის მცდელობებმა, უარი ეთქვა რუსულ ენერგორესურსებზე, საინფორმაციო სივრცეში მთლიანად დაჩრდილა სხვა ფრონტი, რომლის მნიშვნელობაც ბევრად აღემატება ნებისმიერ ნახშირწყალბადებს. უცხოური პრესა მშრალად აცხადებს, რომ მსოფლიოს ოთხი წამყვანი აგროინდუსტრიული ჰოლდინგი – Archer Daniels Midland (ADM), Bunge, Cargill და Louis Dreyfus, რომლებიც პროფილურ ბაზარზე კოლექტიური აბრევიატურა ABCD-ით არიან ცნობილი, უარს ამბობენ რუსეთში საწარმოების დახურვაზე.
აქ პირველ რიგში საყურადღებოა პუბლიკაციების ზოგადი ტონი. ენერგეტიკული კომპანიებისა და ისეთი ქვეყნების ფონზეც კი, როგორიც გერმანიაა, რომლებსაც ერთობლივად თელავენ მოსკოვთან გრძელვადიანი ურთიერთობების გაწყვეტის არასაკმარისად აქტიური ქმედებების გამო, აგროინდუსტრიალისტების დემარშს აშკარად არეტუშირებენ ყველა შესაძლო გზით და სხვა მოვლენების მიღმა მალავენ. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ოთხივე სასოფლო-სამეურნეო ძალამ მარტის დასაწყისში პირველად გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით რუსეთში ყოფნას შეზღუდავდნენ. ამ დღეებში კი უარი თქვეს ამ სიტყვებზე და ძალიან ლაკონურად განაცხადეს, რომ რჩებიან.
გამოდის, რომ საინფორმაციო გამოშვებებში, როდესაც საქმე ეხება რუსეთის როლს პლანეტის ცხოვრებაში, ტოტალურად დომინირებს ენერგეტიკის და, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი აირის თემა. ცისფერი საწვავი, რა თქმა უნდა, თანამედროვე ეკონომიკის უმთავრესი სტრატეგიული რესურსია, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რესურსები. საუბარია სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, კერძოდ, მარცვლეულზე, კარაქზე, ფრინველის ხორცზე და რიგ სხვა პროდუქტებზე.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კოსმოსური რაკეტებით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინოვაციებითა და წარმატებებით ბირთვულ ენერგიაში. ჩვენ ვიცინით ძველ ხუმრობაზე, რომ რუსეთი ბენზინგასამართი ქვეყანაა, და გვავიწყდება აღვნიშნოთ, რომ ის ასევე არის მარცვლეულისა და ზეთის „სადგური“. აი ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კი ეს კარგად იციან და ამიტომ არ ჩქარობენ საკუთარი ფერმერების გატესტვას, რადგან პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ ჭამა ყოველდღეა საჭირო – თანაც, სასურველია დღეში ერთზე მეტად.
ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი წამყვანი მოთამაშე გახდა სოფლის მეურნეობის გლობალურ ბაზარზე. ზოგ მაჩვენებელში რუსეთის წილი იმდენად დიდია, რომ მცდელობამ, გაანადგურონ მიწოდებების დამკვიდრებული ჯაჭვები, შეიძლება გამოიწვიოს არა კრიზისი, არამედ რეალური შიმშილი მთელ რეგიონში.
დასავლური წყაროები მწუხარედ აცხადებენ: რუსეთი რჩება ხორბლის, მზესუმზირის ზეთის, სიმინდის, ქერის, ძროხისა და ფრინველის ხორცის, შოკოლადის ნაწარმის მთავარ მწარმოებელად. ეს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში არ მომხდარა. ამ პერიოდის განმავლობაში დასავლურმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებმა, რომლებსაც შესანიშნავი ყნოსვა აქვთ ბაზრის კონიუნქტურისა და შესაძლო მოგების მიმართ, აქტიურად და მასიურად დაიწყეს რუსეთის ბაზარზე შემოსვლა.
მოსკოვი წინააღმდეგი არ იყო, უცხოურმა კორპორაციებმა პირდაპირი წვდომა მიიღეს საკვების უზარმაზარ, სტრატეგიულ რეზერვებზე, ხოლო ჩვენმა ფერმერებმა მიიღეს შეღავათიანი სესხები, თანამედროვე აღჭურვილობა და მოწინავე ტექნოლოგიები, სათესლე მასალა კვლევისთვის, სელექციისათვის და მრავალი სხვა. თანამშრომლობის წლების განმავლობაში მოსკოვმა უხილავი ჯაჭვებით მიიჯაჭვა როგორც ცალკეული კომპანიები, ისე ქვეყნები. ბოლო დრომდე ეს არავის აღელვებდა.
უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დასავლეთი გაგიჟდა და ისტერიულ მრისხანებაში ჩავარდნილი ითხოვს, რომ მსხვილმა ბიზნესმა დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთთან — ნებისმიერ ფასად.
და თუ ენერგეტიკოსები უფრო და უფრო ცდილობენ მუდმივი ძრავის გამოგონებას, ფერმერები უცერემონიოდ შეახსენებენ ყველა ფანტაზიორს, რომ რუსეთი არის მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ბაზრის ნახევარი და ხორბლით ვაჭრობის 24%.
ეს რუსული პროპაგანდა კი არ არის, არამედ ევროკომისიის უახლესი ოფიციალური მონაცემებია, რომელიც ასევე ამატებს უკრაინას, სადაც სასოფლო-სამეურნეო სეზონი მთავარ პროფილურ რაიონებში შეიძლება გარანტირებულად ჩაშლილად ჩაითვალოს.
მოსკოვი და კიევი ერთად საზღვარგარეთს ოთხი ბოთლიდან სამ ბოთლ ზეთს აწვდიან და ყოველი მესამე პურპროდუქტიც აქედან მოდის. თუ ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი რუსოფობიას განაგრძობენ, სწორედ აღნიშნული პროპორციებით ჩაიძირება სურსათის ბაზარი, რასაც ყველა შესაბამისი შედეგი მოჰყვება სურსათზე ფასების, დეფიციტისა და ინფლაციის გაზრდის სახით.
რუსეთის შესაძლო სასოფლო-სამეურნეო ბლოკადის ირგვლივ პანდემონიუმმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ საქონლის ამ ჯგუფების ფასები კოსმოსში გაფრინდა. აპრილის შუა რიცხვებისთვის ერთი ტონა ხორბლის ფასი 405 დოლარზე ავიდა, რაც 68%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ერთი ტონა მზესუმზირის ზეთი 1860 დოლარად იყიდებოდა — ესეც პლუს 24%. სიმინდში 334 დოლარს ითხოვდნენ, ანუ წმინდა გაძვირებამ 28% შეადგინა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვაზვიადებთ, იხილეთ გაეროს უახლესი ანგარიში. გაერო სურსათის გლობალურ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას კატასტროფულად აფასებს. მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელ დევიდ ბისლის თქმით, რუსეთთან საბაზრო ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ, მაგალითად, მხოლოდ იემენში, დაახლოებით რვა მილიონი ადამიანი იძულებული გახდება გაანახევროს ყოველდღიური რაციონი.
მას ეთანხმება ვენდი შერმანიც, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე. მისი თქმით, საერთაშორისო ვითარების ამგვარად განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს შიმშილი 13 მილიონზე მეტ ადამიანს შორის. თუმცა, ქალბატონი შერმანი ამ ყველაფერს „პუტინის უკრაინაში შეჭრის შედეგებს“ უწოდებს და ავიწყდება იმის აღნიშვნა, რომ რუსეთი საერთოდ არ ცდილობს სურსათის ნებაყოფლობით იზოლაციაში გადასვლას, ამისკენ მას კოლექტიური დასავლეთი ძალით უბიძგებს.
ლამაზი სიტყვების მიღმა წმინდა პირადი ინტერესები დგას. გერმანიაში რესტორნების მფლობელები კარტოფილსა და სხვა კერძებს უკვე ზეთების ნარევზე ამზადებენ, სადაც მზესუმზირა მხოლოდ მესამედს შეადგენს, დანარჩენი კი რაფსითაა ჩანაცვლებული. შეერთებულ შტატებში მხოლოდ მარტში ხორცის, ფრინველისა და თევზის ფასები 13 პროცენტზე მეტით გაიზარდა, რამაც კიდევ უფრო დასცა მოქმედი პრეზიდენტის ისედაც დაბალი რეიტინგი.
ამიტომ ვფიქრობთ, არაფერია გასაკვირი, რომ არავინ ყვირის და არ ითხოვს ჯვარს აცვან ამერიკული აგროჰოლდინგები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რუსეთში თავიანთი ბიზნესი შეენარჩუნებინათ. ტელეფონებისა და ინტერნეტის გარეშე ცხოვრება, ასე თუ ისე, შეიძლება, აი პურის ნატეხი კი ყოველდღეა საჭირო. თუნდაც ის ტოტალიტარული რუსული ხორბლისგან იყოს გამომცხვარი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0